ფინეთში დაჭრილი ციყვი თავისით მივიდა ვეტერინართან
ფინეთში დაჭრილი ციყვი თავისით მივიდა ვეტერინართან
საოცარი შემთხვევა მოხდა ფინეთის ქალაქ სიპოოში. დაჭრილი ციყვი თვითონ მივიდა ადგილობრივ ვეტერინარულ კლინიკაში და პატარა ცხოველების სპეციალისტს მხარზე ააცოცდა. ექიმმა ჭკვიან პატარას უმკურნალა.

“მოულოდნელად კარში ციყვი შემოვარდა და შარვალზე ამაცოცდა. შევამჩნიე, რომ ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ძალაგამოლეული იყო”, - ყვება ვეტერინარი სამული ჰეისკანენი.

მისი სიტყვებით, პატარას ნამდვილად ესმოდა, რომ სიტუაცია განსაკუთრებული იყო და აუცილებლად უნდა მიემართა დახმარებისთვის.

ციყვს შპრიცით დაალევინეს, შემდეგ ვაშლი და მსხალი აჭამეს. დაღლილობამ გაიარა და მან თავი უკეთ იგრძნო.

“ახლა ის თითქოს იღიმება”, - ამბობს ჰეისკანენი.

ვეტერინარი
თვლის, რომ ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება ხის ფუღუროდან გადმოვარდნა ყოფილიყო.