"თამაშას" სევდიანი ამბავი
"თამაშას" სევდიანი ამბავი
"პატარა იყო, მამამ რომ აჩუქა შვილებს...

საჩუქარს ვერაფრით იყოფდნენ ბავშვები, სულ ხელში უნდოდათ ჰყოლოდათ...

მამამ, სათამაშო ხომ არ არისო... 

მორიგეობა შემოიღეს და რიგში პირველი და ჩასვეს, გოგოა და იტირებსო... არადა, იმ გოგოს ,,ლიოჩიკას'' ეძახდა მამა, უშიშარი იყო და იმიტომ (დღემდე ასეა)...

სახელიც შესაბამისი შეურჩიეს – ,,თამაშა''...

ოთხივე ერთად იზრდებოდა, სამ ძმას ერთი და ჰყავდათ... 

ჯერ, ბაღში აცილებდა მეგობრებს, მერე სკოლაში, გაკვეთილზეც მიაკითხა ერთხელ ,,ლიოჩიკას'', კლასელებმა დასცინეს, მან კი, –,,ეს უბრალო ძაღლი არ გეგონოთ, ეს თქვენზე ბევრად ჭკვიანია, ბევრად''... მასწავლებელმა უსაყვედურა
–,, სად ძაღლი და სად ადამიანი, ლელა?''... ,,მართალი ხართ, შოთა მასწავლებელო, ,,თამაშა'' არასდროს დასცინებს სხვას''...

ეს ამბავი ,,თამაშამ'' მოუყვა მამას, უმთვარო ღამეს, გზაში რომ შეხვდა, მაშინ...

ხელოსანი იყო მამა და გვიან ბრუნდებოდა სახლში, ,,თამაშა'' კი, გზაში შეხვდებოდა, შემოახტებოდა, წკმუტუნს დაიწყებდა და ასე უყვებოდა მთელი დღის ამბავს... მერე, გამოასწრებდა, კარზე ფხაჭუნს დაიწყებდა და კარს მიცვივდებოდნენ მამის მოსიყვარულე შვილები...

24 აგვისტო თენდებოდა, 1984 წლის... მთელი ღამე ყმუოდა ,,თამაშა'' ... პირჯვარს იწერდა ბავშვების ბიძა... სახლს გარს უვლიდა ყმუილით ძაღლი... მერე ჭექაქუხილი, სეტყვა, ცა ჩამოვიდა ძირს, შუქი წავიდა და შეშინებული ,,თამაშა'' სახლში შემოვადრა, მამის საწოლზე დაწვა და ტირილი დაიწყო...

გამთენიისას, 03–ის (სასწრაფო დახმარების ნომერი იყო, იმ ხანად) მანქანა გაჩერდა ჭიშკართან, ,,თამაშა'' კარის გაღების საშუალებას არ აძლევდა მძღოლს...

მანქანიდან მამის ცხედარი როგორ გადმოიტანეს, არ უნახავთ შვილებს (ეძინათ პატარებს,დილის 6 საათი იყო), მაგრამ ნახა ,,თამაშამ'' ...
მთელი კვირა არ მოშორებია ცხედარს... მთელი კვირა არაფერს დააკარა პირი... ვერავინ ბედავდა მასთან მიკარებას, მხოლოდ ,,ლიოჩიკა'' ეფერებოდა და ყურში რაღაცას ეუბნებოდა...

დასაფლავების დღეს, ისევ ,,ლიოჩიკამ'' იმარჯვა, სახლიდან მოფერებით გამოიყვანა... სასაფლაომდე, ერთად მიყვებოდნენ მამის ცხედარს, ობოლი შავბაფთიანი გოგონა და ძაღლი... ეს იყო ყველაზე შემზარავი კადრი...
მთელი თვე მამის საწოლზე იწვა ,,თამაშა'' და ტიროდა... ობლები მიუცუცქდებოდნენ და ოთხივე ტიროდა მამას...
საჭმელზე უარს ამბობდა ძაღლი, წყალსაც არ სვამდა... ბინდი გადაეფარა თვალებზე, დღე და ღამე სულ ერთი შეიქნა მისთვის...

ორმოცის დღეს, მაინც გაჰყვა ბრმა ძაღლი ობლებს მამის საფლავზე...

იქიდან დაბრუნებული თვალსა და ხელს შუა გაქრა, სად არ ეძებეს, ბოლოს ,,ლიოჩიკამ'' მამის სახელოსნოში ხომ არ წავიდოდაო... შებინდებულში დაადგა სამი ობოლი მამის სახელოსნოს გზას...

სახელოსნოს კართან იწვა ძაღლი... აღარ სუნთქავდა ,,თამაშა''...

ისევ იმარჯვა ,,ლიოჩიკამ'', მეზობლისგან ითხოვა ბარი, იქვე გაჭრეს საფლავი და მიწას მიაბარეს ძაღლი, უკვე მეორედ ჩახედეს სიკვდილს თვალებში და გამწარებული ობლობა, უფრო გაიმწარეს...
ახლა, მე ვტირი და იცით, სად ვტირი?!

თბილისში, ვაკე–საბურთალოს გზაზე, გივი სვანიძის 30 ნომერში, ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის'' ერთ ნათელ ოთახში ვზივარ და ვწერ ამ ამბავს, უამრავი ძაღლის ყეფა მესმის, მინდა კარზე ფხაჭუნის ხმა გავიგონო, ისე როგორც შორეულ ბავშვობაში, კარი გავაღო და ზღურბლზე ჩემი ,,თამაშა'' იდგეს, უკან კი, მოჰყვებოდეს მამა, უკვე ჭაღარა მამა...

მიხვდით ალბათ, მე ის ,,ლიოჩიკა'' ვარ, მამის ,,ლიოჩიკა''...

თხოვნა მაქვს თქვენთან, გაუფრთხილდით ყველას, ვინც გყავთ, ადამიანსაც და ცხოველსაც...
და გახსოვდეთ, ძაღლი ცხოველი არ არის , ძაღლი ადამიანის მეგობარია!!!"

ავტორი: ლელა თოლორდავა

წყარო: Facebook-  Tamaz Elizbarashvili Dog Shelter

მანჩო
"უწვრთნელი ძაღლის ყოლა სჯობს უწვრთნელი შვილის ყოლასო".
inga
ვისაც ცხოველი არ უყვარს ის ადამიანი ვერც ვერავის შეიყვარებს მთელი გრძნობით, 13 წელი მყავდა ჩემი პატარა ,,ჩაპა' დედაჩემის გარდაცვალება ვერ გადაიტანა და მისი სიკვდილი მთელი ტრაგედია იყო ჩვენთვის, დღემდე ოჯახის წევრივით ვიხსენებთ
gurambarnovi@gmail/com
ლიოჩიკა კარგი ადამიანი ხაარ!!!!!!!!!!
sofo
ჩვენი კეთილშობილების საიდუმლო სწორედ ამ არსებებშია... გაიხარეთ ლელა, მიხარია ჩვენნაირები რომ არსებობენ... მამაჩემს, სიკვდილის სარეცელზე მყოფს ამოვუყვანეთ მისი გაზრდილი პოინტერი - "ჯესი", საოცრად გამოემშვიდობნენ ერთმანეთს.... მალე აღარცერთი აღარ იყო ამ ქვეყნად. გუშინ ისევ შემძრა და ამაფორიაქა რუსთავში მომხდარმა ფაქტმა, ასე აღარ შეიძლება, ეს უსამართლობაა!!!
namceca
გაიხარეთ ლელა ხალხნო, ასეთი ერთგულება მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ, თავიანთი განუმეორებელი, აუხსნელი, იდუმალი სიყვარულით, გავუფრთხილდეთ მათ, ჩვენვე გვჭირდება მათი სიყვარული და ერთგულება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?