ელიზბარაშვილის თავშესაფარში მყოფი უნარშეზღუდული ლაბრადორი ვაბი საბოლოოდ მზრუნველ ოჯახშია
ელიზბარაშვილის თავშესაფარში მყოფი უნარშეზღუდული ლაბრადორი ვაბი  საბოლოოდ მზრუნველ ოჯახშია
უამრავი პატარა სახლი, ეზო, მოლოდინი მზესა და წვიმაში.. სიმშვიდე და ღელვა მზერაში.. დაკვირვება.. სიხარული.. სევდა.. - ეს გ. სვანიძის 30-ში მდებარე ცხოველთა თავშესაფარია ვაკე-საბურთალოს გზაზე... ძირითადად აქ სერიოზულად დაზიანებული ცხოველები მოჰყავთ, ასევე უცებ სადმე ნაპოვნი, ადამიანის მიერ გადაყრილი ლეკვები.. პატრონების მიერ გამეტებული ერთგული ძაღლები.. აქ მონადირის სისასტიკით დაობლებული დათვებიც კი არიან.. ეს თავისებური მიკროსამყაროა საკუთარი წესებით და ფეთქვით - მომართული აქ შეფარებულთა მხარდაჭერაზე, ზრუნვაზე, მკურნალობაზე, ახალ პატრონთან ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარებაზე, ... იმ ნდობის გამართლებაზე, რაც ყოველი ძაღლის თვალებში ჩანს...
- და ეს უზომოდ დიდი პასუხისმგებლობაა! ... 

ჩალისფერი 3 წლის ხვადი ლაბრადორი ვაბი, თითქმის წელიწადია
სწორედ ამ სამყაროს ნაწილი იყო. მოლოდინის ფერი ალბათ რუხია და ყველაფერი ბევრად სევდიანი იქნებოდა, რომ არა ერთი ღიმილიანი და სიყვარულით სავსე გოგონა, რომელსაც იგი განსაკუთრებით შეეჩვია და რომელთან ყოფნა მას შეიძლება სახლის სითბოს აგონებდა..

ვაბის ამბავს სწორედ ეს საოცარი გოგონა, თავშესაფარის თანამშრომელი ქეთი ჭალისური გვიამბობს:

- ვაბი თავშესაფარში პატრონმა ფეხის მძიმე დაზიანებით ჩააბარა. ბევრი ეცადნენ, მაგრამ ფეხი ვერ გადაურჩინეს. ვეტერინარმა კაკო რუაძემ ჯერ თათის მესამედი მოაჭრა იმ იმედით, რომ ინფექცია შეჩერდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ოპერაციაც საჭირო გახდა და მას ფეხი ბოლომდე მოკვეთეს. პატრონი მის სანახავად არ დადიოდა და მას მერე აღარც მოუკითხავს.

- ვაბი თქვენ დაარქვით?
- დიახ, მე დავარქვი. მაშინ ჩვენთან კიდევ ერთი ძაღლი იყო, სახელად ბელგი (ბელგიური ნაგაზი), თათი მასაც ამპუტირებული ჰქონდა. ამ ორივე ძაღლს განსაკუთრებით დავუმეგობრდი. სულ ჩემთან ერთად იყვნენ და ეჭვიანობდნენ ერთმანეთზე. ვაბი თითქოს თვითონ იძახდა თავის სახელს როცა იყეფებოდა და ამიტომ დავარქვი „ვაბი“. სამწუხაროდ ბელგი დაიღუპა ოპერაციიდან სულ მალე და დავრჩით მე და ვაბუსი მარტო.

Zooclub

-გავიგეთ, რომ ვაბი 2 დღის წინ ახალმა პატრონმა, მარიამ რუაძემ წაიყვანა სახლში. ეს სასიხარულო ამბავი სოცქსელშიც გავრცელდა და ყველა ძლიან გაახარა.
- დიახ, ახლა ვაბუსი დიდი ბიჭია, ცოლი მოიყვანა და ცოლოურს წავიდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგი გემოვნება ქონდა და არ შეარცხვენდა დედას.
ეს არის ძაღლი რომელიც ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი დაუბრუნებს სიცოცხლის ხალისს. მოეფერები, მოგეფერება, სულჩი ჩაგიძვრება, გაიქცევა, თან გიყურებს უკან ხომ მიყვები, გზადაგზა ბრუნდება და გექაჩება - ცოტა მალეო. წარმომიდგენია ოთხივე ფეხი რომ ჰქონდა მაშინ რა ხასიათის იქნებოდა.
სახლში რომ მიყავდათ ბოლომდე მიყურებდა სანამ მანქანა არ მოეფარა თვალს.... ისე ჩამეხუტა და მკოცნიდა, თითქოს ყველაფერზე მადლობას მიხდიდა. ვიცი, რომ არ დამივიწყებს... და ეხლაც ცრემლები წამომივიდა რომ გამახსენდა ჩემი ბიჭი.

Zooclub

- უკვე მოინახულეთ ვაბი თავის ახალ სახლში?
- გუშინ წაიყვანეს და ჯერ ვერ ვნახე, რადგან გვიან ვბრუნდები თავშესაფრიდან. თანაც ვიცი, რომ მარისთან დედას ბიჭს არაფერი გაუჭირდება. ყოველთვის დავეხმარები მარის ჩემი ჭირვეული ბიჭის მორჯულებაში, რითიც შემეძლება. ვაბუსი ბედნიერი იქნება თავის ცოლ-შვილში და მეორე დედასთან ერთად.




Zooclub.ge-ს ჟურნალისტი ვაბის ახალ პატრონს, ასევე განსაკუთრებულ და სიყვარულით სავსე ქალბატონს, მარიამ რუაძეს გაესაუბრა:

- რამოდენიმე ხნის წინ ჩემი ლაბრადორი, ბუკი დავკარგე. საშინელება იყო. 19 დღე ვეძებდი, ღამეც კი გარეთ ქუჩებში დავეძებდი და განცხადებებს ვაკრავდი. საბედნიეროდ ბუკი ვიპოვე და გადავწყვიტეთ მე და ბუკიმ თავშესაფარში მისვლა რომ ერთი მეგობარი წამოგვეყვანა სახლში. მე პირველად ვიყავი თავშესაფარში და რაც ვნახე და განვიცადე ეს იყო საშინელი შეგრძნება. ძაღლებს იქ არ აკლიათ არაფერი, არც საკვები,არც სისუფთავე და არც მზრუნველობა მომუშავე პერსონალისგან, მაგრამ მათ აკლიათ საკუთარი ოჯახი და პატრონი. ერთ წამში დავინახე ამდენი მიტოვებული ძაღლის თვალები და ავტირდი,თითქოს ყველა ძაღლი მეუბნებოდა: მარიამ შენც ხომ მიგატოვეს 41 წლის უკან, იცი რაც არის მიტოვება და გვიშველე რამეო. ვეღარ ვაზროვნებდი ისეთი ცუდად გავხდი .ვაბი რომ ვნახე გულმა კვნესა დაიწყო,იქ სამი ერთმანეთზე უკეთესი ლაბრადორი იყო,ვეთამაშე ვაბის და უკან მოვდიოდი,99%- ით ვაბის წამოყვანა მინდოდა 1% ვფიქრობდი, რომ გული დამეტანჯებოდა მისი ყურებით. მაგრამ როდესაც უკან გამოვბრუნდი,მივიხედე და ვაბის ნაღვლიანი თვალები რომ დავინახე ვეღარ გავუძელი და ავირჩიე ჩემი ლამაზი ბიჭი. ის არაა ძაღლი, ის ადამიანია დამიჯერეთ. ასეთ მალე თუ შემეჩვეოდა არც მეგონა. არაფერში არ უშლის სამი ფეხი. მინდა რომ ეს საოცრება ყველამ შეიყვაროთ და არა შეიცოდოთ. ის უკვე ბედნიერია, მას ჩემსავით გაუმართლა და ოჯახი აქვს. ადამიანებს ვთხოვ უმორჩილესად: დავეხმაროთ ამ საოცარ და ერთგულ ცხოველებს. ისინი არასოდეს მიგვატოვებენ და არც გვიღალატებენ,ამისთვის არაა საჭირო რომ ვიყოთ მდიდრები, მთავარი სულის სიმდიდრეა.

Zooclub

- თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ახალ ბინადარს?
- სახლში ეხლა მე და 81 წლის გამზრდელი დედა ვცხოვრობთ. შვილები გერმანიაში არიან. დედა ძალიან კარგად შეხვდა და  მოეფერა ვაბის.
პროფესიით ბუღალტერი ვარ, თუმცა ახლა ძიძად ვმუშაობ. ეს პატარაც მივაჩვიე ცხოველების სიყვარულს. დარწმუნებული ვარ ისეთივე გაიზრდება, რასაც ხედავს.

- ახალ სახლში როგორია ვაბი?
-მხიარულია, მაგრამ საოცრად მორიდებულია. დივანზე უნებართვოდ არ ადის თუ არ ვუთხარი. ყველაზე მეტად ჩემთან თამაში უყვარს. საჭმელს ჩემი ხელიდან ჭამს. პირველად სანამ მე არ ვაჭამე თვითონ არ გაეკარა. მე სულში ვიძვრენ, უზომოდ მიყვარს, რადგან ვაბი საოცრებაა. ის ადამიანია. არა, უფრო სწორედ ადამიანზე უკეთესია.

- თქვენ ახსენეთ, რომ თავშესაფარში ძაღლების დანახვისას გაგახსენდათ, თუ როგორ მიგატოვეს 41 წლის წინ...
- დიახ, მე ახლა გამზრდელ დედასთან ერთად ვცხოვრობ. ნამდვილმა დედამ 41 წლის წინ სამშობიაროში მიმატოვა. დიდი ძებნის შემდეგ 35 წლის ასაკში ვიპოვე ჩემი ბიოლოგიური დედა. მივაკითხე. მას ჩემს მერე სხვა შვილი აღარ გაუჩნდა თურმე. მასაც ჩემი სახელი ჰქვია, დაემთხვა. ბევრჯერ ვცადე მასთან დაახლოება, მიზეზი მოვუნახე პატიების.. ვაპატიე. მაგრამ.. მაინც არ მიმიღო... ერთი რამით ვგავარ - მასაც უყვარს ცხოველები... ახლა გესმით ჩემი რა დამემართა თავშესაფარში? ამ ძაღლის არსებობა არც კი ვიცოდი.. პირველად ვნახე და წამოვიყვანე.. ასეთი ძაღლების მხოლოდ შეცოდება არ არის საჭირო, მათ უნდა დავეხმაროთ. არც მე ვარ მდიდარი, 200 ლარზე ვმუშაობ, მაგრამ ღმერთი აჩენს გამოსავალს. ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ვერ აგიღწერთ. მინდა ძალიან ბედნიერები იყვნენ.




მარიამი და ქეთი საოცარი ადამიანები არიან, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და უბრალოდ ასხივებენ სითბოს და ბედნიერება მოაქვთ - რადგან არასოდეს ზღუდავენ საკუთარ თავში იმ ძალას - რაც არის სიყვარული!

ჩვენ კი მუდამ გვახსოვდეს და გვამოძრავებდეს ის, რომ „მხოლოდ ძაღლების შეცოდება არ კმარა, მათ უნდა დავეხმაროთ!“



ანი ქარჩავა სპეციალურად Zooclub.ge-სთვის






მაია
მიხარია ასეთი ადამიანების არსებობა და იმედი მეძლევა რომ სამყარო გადარჩება! ღმერთმა დაგლოცოთ!
ციცი
თქვენ გაიხარეთ ორივე დედა-შვილმა, თბილებო და კეთილებო, ღმერთმა დაგლოცოთ. მინდა ზოგიერთების მიმართ ვთქვა - ვისაც ცხოველები არ უყვარს და არ ეცოდება, იმას ადამიანებიც ცალ ფეხზე კიდია. ტყუილად ნუ დაიღლიან ენას იმის მტკიცებით, თითქოს ადამიანები ეცოდებათ, არანაირად, ეს უბრალოდ ყიამყრალი ენების ტრიალის მასალად ჭირდებათ. მე პირადად ასეთ ხალხს არანაირ პატივს არ ვცემ. ასეთებმა კეთილი ინებონ ცხოველთამოყვარულების პოსტებში მურმანის ეკალივით ნუ ჩაერჭობიან და აახვიონ.
რუსკა
უნარშეზღუდული კი არა ისე დარბის ვერ დაეწევა ვერცერთი ორფეხა ადამიანი! :))))) საყვარელი ბიჭია ვაბიკო! ჭკვიანი და კარგი ცუგა! :)
ok
სიკეთე ჰქონდეს ყველას, ვინც უსუსური არსებისადმი სიყვარულს იჩენს და ნუ გესლავთ ერთმანეთს, ადამიანებო.
eteri
ცხოველების მოყვარულ ადამიანს თბილი გული აქვს,ასეთი ადამიანები კი სიკეთეს თესავენ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?