2015 წელს საქართველოში ნაპოვნი ბედნიერება
2015 წელს საქართველოში ნაპოვნი ბედნიერება
ბევრი ისტორია წაგვიკითხავს ცხოველების გადარჩენაზე, მათზე ზრუნვაზე, სითბოსა და სიყვარულზე. განსაკუთრებულად სასიხარულოა, როდესაც ეს ჩვენთან, საქართველოში ხდება!
ჩვენ ამ ბედნიერების სულ პატარა ნაწილს გაგიზიარებთ! ეს ამბები ჩვენს გულს მზესავით გაათბობს!


ქარის მოყვანილი ცუგა - ვინდი

ვინდი პატარა ბალონკაა, რომელიც გზააბნეული თავის მომავალ პატრონს უნებლიეთ მიადგა. ერთ ქარიან ღამეს მეთექვსმეტე სართულზე საკუთარი ფეხით ავიდა და ერთ-ერთ კართან დასკუპდა.
სახლის ბინადრებმა წკმუტუნი გაიგონეს და ლეკვი "შეიპატიჟეს“.
"ჩემმა ძმამ დამირეკა, კართან ლეკვი ტირის და რა ვქნაო,’ - გვიყვება ვინდის ერთ-ერთი პატრონი, ანა, -
,,ვუთხარი, რა უნდა ქნა, დაბანე და აჭამე-მეთქი. მას შემდეგ ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრია. ვინდი დავარქვით,
იმიტომ რომ ქარიან ამინდში ვიპოვეთ. ინგლისურად "wind” ხომ ქარს ნიშნავს,“ - ამბობს ანა.

Zooclub
ვინდი


ჩარა  - ყველაზე "პაწია" კეთილი "ჩარაზავრი" დედამიწაზე

ჩარას ისტორიას მისი პატრონი თაკო ამბოკაძე მოგვითხრობს:

"ერთ წვიმიან დღეს ჩარა (მაშინ მართლა "ძონძი") ლუბლიანაზე ნაგავში დაგდებული იპოვეს. ჩვეულებისამებრ ფოტო გადაუღეს და წავიდნენ.

ფოტო სოციალურ ქსელში ვნახე და წამოვიყვანეთ ჩემთან. იქ გამყიდველს უთქვამს სამი დღეა ასე წევსო. სავარაუდოდ მანქანამ დაარტყა, ფეხები ჰქონდა დამტვრეული და მენჯის და ხერხემლის შეერთების ადგილიც დაზიანებული, ამიტომ წელს ქვევით შეგრძნება არ ჰქონდა.

გარდა ამისა ჰქონდა სოკო,დემოდეკოზი და ჰეილეთიოზი. სამივე კანის დაავადებაა.
მირჩიეს დაძინება. მითხრეს: სავარაუდოდ ვერასდროს გაივლის, ან ყველაზე კარგ ვარიანტში ასე ნელნელა მოკვდებაო.

Zooclub
პატარა ჩარა

მე ბონი ერთი თვის დაძინებული მყავდა და სიტყვა "დაძინებაზე" გული მიმდიოდა.
გადავწყვიტე მეცადა მკურნალობა და თუ ფეხზე ვერ დადგებოდა ეტლით მეყოლებოდა. 2 კვირაში ნემსის გაკეთება იგრძნო ფეხში, და ერთ თვეში უკვე ჩანჩალიც დაიწყო.

საბოლოო ჯამში 3 თვე დაგვჭირდა, რომ ბოლომდე განკურნებულიყო ყველაფრისგან.
ვერ მოვუძებნე შესაფერისი პატრონი, მაგრამ სამ თვეში ისე შემიყვარდა, რიმ ვინც არ უნდა მოსულიყო ასაყვანად ყველას დავიწუნებდი ალბათ!" - ამბობს თაკო.

Zooclub
უბრალოდ - ჩარუ


რექსი და "მისი რაზმი“

"რექსი ჩემს სახლთან, პეკინის ქუჩაზე, ბუკიას ბაღის წინ, სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა, ‘’- გვიამბობს თბილისის მცხოვრები ნინო ადეიშვილი, -"ქუჩაში ვაჭმევდი. სახლში ვერ ამყავდა,იმიტომ, რომ კატები მყავს. მინდოდა პატრონი მეპოვნა და ვიპოვნე კიდევაც. ახალი წელი ახლოვდებოდა. უკვე მოლაპარაკებული ვიყავი, რომ ახალი პატრონისთვის გამეცნო რექსი, მაგრამ ამ დროს დაიკარგა. მთელი უბანი შემოვიარე... აღმოჩნდა, რომ ჩემსავით სხვებიც ეძებდნენ, დარდობდნენ, პატრონობდნენ. Facebook-მა დაგვაკავშირა ეს ადამიანები ერთმანეთს. ცუდზე არ ვფიქრობდი გულის სიღრმეში მეგონა, რომ ვინმემ აიყვანა და თბილ სახლში იყო.ერთ დღეს ერთ-ერთ ჯგუფში დაიდო რექსის სურათი, საიდანაც გავიგე, რომ ის ერთ ქალბატონს ჩაუბარებია თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში, იმ იმედით, რომ პატრონი მოძებნიდა. მაგრამ რექსის პატრონი მაშინაც არ გამოჩენილა, როცა ბუკიას ბაღში ცხოვრობდა. ამიტომ თავშესაფრიდან მე და ჩემმა მეგობარმა წამოვიყვანეთ და ექიმს მივუყვანეთ. შელახული იყო. მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა ისიც კი გვითხრეს ლეიშმანიოზი აქვს და დააძინეთო. მაგრამ არ დავნებდით. საბოლოოდ, ალერგია აღმოაჩნდა. უთბილესია. ოჯახის წევრია. აღმოჩნდა, რომ ძაღლებზე მეტად კატები ჰყვარებია. რომ ვსეირნობთ თან კატების მთელი ამქარი დაგვსდევს. თან ვაჭმევთ და თან ეფერებიან რექსოს,’’ - ამბობს ნინო ადეიშვილი.
,,ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს ფისო აგვეკიდა, რომელიც სულ თან დაგვყვებოდა, გვაცილებდა სახლამდე. ხელითაც კი მიწევდა მისი ტარება, რომ არ დამკარგვოდა. გავიდა რამდენიმე დღე და აღმოჩნდა, რომ კნუტებს ელოდებოდა. სამწუხაროდ, ყველა დაეღუპა. გადავწყვიტე, სტერილიზაცია გამეკეთებინა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გართულდა. ფაქტობრივად, იმ ქვეყნიდან მოვაბრუნეთ. ამ პერიოდში ძალიან შეგვაყვარა თავი პირველ რიგში- რექსის და დავიტოვე,’’ - აცხადებს ნინო ადეიშვილი.
"კიდევ ორი ფისო მყავს, რომლებიც სხვადასხვა დროს ამოვიყვანეთ ეზოდან. საინტერესოა, რომ რექსი გადასარევად მეგობრობს ცუცასთან, მაგრამ სხვა კატები, მაშო და ციფო, დღესაც გაურბიან. სახლში სერიოზული დაჯგუფებაა. ასეთია მათი ისტორია,“ - გვიამბობს ნინო ადეიშვილი.

Zooclub
რექსი

Zooclub
ციფო

Zooclub
ცუცა

Zooclub
მაშო

ლულუ და კატო

ეს არის ლულუ, სამი წლის მეტისი, რომლის ტირილის ხმაც პატრონმა, მაკო მალანიამ, ღამით გაიგო და კარი რომ გააღო, პატარა, ყავისფერი ძაღლი, - "რომ მივუახლოვდი, მაშინვე გადაგორდა და მოფერება დამიწყო. სახლში შემოვიყვანე და უკვე დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ,“ - ამბობს მაკო.

Zooclub
ლულუ

-კატო კი სამი წლის მეტისი კატაა, რომელსაც კნუტობიდან ერთი ოჯახი ზრდიდა, მაგრამ მოიბეზრეს და ზამთარში, ყინვაში, სახლში აღარ უშვებდნენ, - გვიამბობს მაკო მალანია, - ბოლოს სხვაგან გადავიდნენ და დარჩა ჩვენს კარებთან მიკედლებული თავის კნუტებთან ერთად. სახლში შემოყვანა მოგვიწია. კნუტები ერთმა უკეთილესმა ვეტერინარმა იჩუქა, ჩვენ კი, უკვე 8 თვეა, ერთად ვცხოვრობთ, - ამბობს მაკო.

Zooclub
კატო

სულ ეხლახანს, ახალი წლის დღეებში, მაკომ 1 თვის მეტისი ცუგებიც იპოვა მთაწმინდის გზის ზევით, ტყეში. ,,ტირილის ხმას გავყევით და რვა ლეკვი დაგვხვდა. ძალიან სციოდათ და კანკალებდნენ. ახლა სახლში გვყავს და გაჩუქებას ვცდილობთ. ორი მათგანი უკვე გაჩუქდა,“ - აცხადებს მაკო მალანია.

აი ნაპოვნი ლეკვები - მათი აყვანის მსურველები დაუკავშირდით მაკოს.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


ბედნიერი ძაღლი, სახელად "ცუგა“

რამდენიმე თვის წინ, თბილისში, სოციალურ ქსელში, ცხოველთა მოყვარულების ერთ-ერთ გვერდზე, გოგონამ დაწერა, რომ, იმ დილით, გაჩერებაზე, საშინელ სცენას შეესწრო: მივიდა მანქანა, გაჩერდა, გადმოსვა ვიღაცამ იქიდან პატარა ფინია და წავიდა. ფინია დარჩა გაჩერებაზე სრულიად მარტო. დიდი ხანი ადგილიდან არ იძვროდა. მერე კი სკამის ქვეშ შეძვრა.

პოსტს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. ბევრი იყო ისეთი, რომელსაც წაყვანის სურვილი ჰქონდა, მაგრამ გარემოებები ხელს უშლიდა. გოგონა საღამოს რომ დაბრუნდა სახლში, ძაღლი ისევ იქ, გაჩერებაზე, სკამის ქვეშ დახვდა.

საბედნიეროდ, ფინიას მაინც გაუმართლა და ის ხალგაზრდა მხატვარმა, რამაზ ყაზიშვილმა, მეორე დღესვე თავის სახლში წაიყვანა. სახელდახელოდ გაკეთებულ კოხტა სახლში დააბინავა და ახლა ეს პატარა, რომელსაც სახელად "ცუგა" შეარქვეს (თუ დაუტოვეს) ბევრად ბედნიერად ცხოვრობს თავის ახალ და საბოლოო პატრონთან, ვიდრე იმ ძველთან იქნებოდა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ სცოდნია ერთგულების ფასი.

Zooclub


უნარშეზღუდული ძაღლის ბედნიერი ცხოვრება


3 წლის ხვადი ლაბრადორი ვაბი, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ცხოვრობდა, ვიდრე მზრუნველი პატრონის მეთვალყურეობის ქვეშ არ აღმოჩნდა.

პატრონმა ვაბი თავშესაფარში ფეხის მძიმე დაზიანებით ჩააბარა. დიდი მცდელობის მიუხედავად, კიდური ვერ შეუნარჩუნეს. პატრონი საერთოდ არ აკითხავდა.
- ,,ის არაა ძაღლი, ის ადამიანია დამიჯერეთ,’’ - ამბობს მარიამ რუაძე, ადამიანი, რომელმაც ვაბი აიყვანა;- ,,ვაბი რომ ვნახე გულმა კვნესა დაიწყო, იქ სამი ერთმანეთზე უკეთესი ლაბრადორი იყო. ვეთამაშე ვაბის და უკან მოვდიოდი,99%- ით ვაბის წამოყვანა მინდოდა, 1%-ით მეგონა, რომ გული დამეტანჯებოდა მისი ყურებით. მაგრამ როდესაც უკან გამოვბრუნდი, მივიხედე და ვაბის ნაღვლიანი თვალები დავინახე. ვეღარ გავუძელი და ავირჩიე ჩემი ლამაზი ბიჭი... არაფერში არ უშლის სამი ფეხი,’’ - აცხადებს მარიამი.

Zooclub
ვაბი


თუ გვინდა, რომ ჩვენს სულში სულ იყოს სითბო და მზე, ვიყოთ გულისხმიერები, მივიღოთ და გავცეთ სიყვარული! ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ჩვენს ოთხფეხა ბინადრებზე, რომლებისთვისაც გადარჩენის ერთადერთი იმედი ჩვენი ნდობა, დახმარება და სიყვარულია!
გააღეთ გული! აიყვანეთ ქუჩიდან, თავშესაფრებიდან ეს საოცრებები!
იპოვეთ ბედნიერება!


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.


keTil xalxs
ასეთი კეთილი საქმის გამკეთებლებს ყველას დიდი ხნის სიცოცხლე და ბარაქა მოგცეთ ღმერთმა.
ნანა
თქვენ გაიხარეთ, მეც ძალიან მიყვარს ცხოველები, 3 ძაღლი მყავს და 2 კატა.
ლალი
ამ სტატიების წაკითხვისას ამეტირა, მართლა ძალიან მიხარია ასეთი სტატიების წაკითხვა. კარგია თუ ჩვენს ქვეყანაშიც ვისწავლით ცხოველებზე ზრუნვას და სიბრალულს მიუსაფარი და მშიერი ცხოველების მიმართ. ღმერთმა გაახაროს ყველა ასეთი ადამიანი
Tbilisi
გაიხარეთ და ბედნიერებას გისურვებთ ყველა ადამიანს, ვისაც კეთილი გული აქვს და ეხმარება ჩვენ ერთგულ მეგობრებს! დაწერეთ ხოლმე ასეთი სტატიები!
Advocate
გაიხარეთ ხალხნო.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?