"ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით" - სასწაულებრივად გადარჩენილი ბოკვერის ნაღვლიანი სიკვდილი
"ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით" - სასწაულებრივად გადარჩენილი ბოკვერის ნაღვლიანი სიკვდილი
15 ივნისს ზოოპარკში თეთრი ლომის ბოკვერი "შუმბა" მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. "შუმბას" მკვლელობამ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა. გთავაზობთ თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც 10 დეკემბრით თარიღდება. მასში "თეთრი უფლისწულის" ისტორიაა მოთხრობილი:

"ალბათ ბევრმა არ იცის, როგორ მოვიდა ეს თეთრი ლომის ბოკვერი დღემდე, რა გზა გამოიარა და რატომ ცხოვრობს ახლა ძაღლთან ერთად; ამიტომ გვინდა, მისი 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატარა ამბავი მოგიყვეთ შუმბას სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ. პატარა კი არა, საკმაოდ გრძელი და დრამატული ისტორია გამოვიდა
საბოლოოდ, მაგრამ იმედია წაიკითხავთ. ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც, როცა მოიცლით.

ფილმები რომ იწყება, ისე
დავიწყოთ ჩვენც: წარმოიდგინეთ ღამე, სიცივე და სიბნელე...

ზუსტად ასეთი გარემო იყო, თეთრი ლომი შუმბა და მისი 3 და-ძმა რომ გაჩნდა. ძალიან ცივი დეკემბერი იდგა, საშინლად ყინავდა. ეს პატარები პირველი ნაშიერები იყვნენ მათი დედის, კლეოპატრასთვის, ამიტომ გამოუცდელ დედას შვილების მოვლა გაუჭირდა. ჭკუის დამრიგებელიც არავინ ჰყავდა ახლო-მახლო. 4 ახალშობილიდან მხოლოდ 1, შუმბა გალოკა და გაათბო, დანარჩენები კი უყურადღებოდ მიატოვა. ახალდაბადებულებს თერმორეგულაცია არ აქვთ მოწესრიგებული, ამიტომ დედის სითბო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. პატარების გადასარჩენად, მათი ვოლიერიდან გამოყვანა გახდა აუცილებელი. საბრალო ქუნქულები სულ გაყინულიყვნენ და თითქმის აღარ სუნთქავდნენ. მდგომარეობა უიმედო იყო, მაგრამ ზოოპარკის თანამშრომლები იმედს არ კარგავდნენ. ხელოვნური სუნთქვა, მასაჟი გასათბობად, ისევ სუნთქვა, ისევ მასაჟი...


დიდი ხნის წვალების შემდეგ პატარები ოდნავ მოყოჩაღდნენ და მათი გადარჩენის იმედიც გაჩნდა. გამთენიისას გაირკვა, რომ დედას მასთან დარჩენილი 1 ბოკვერიც უყურადღებოდ მიეტოვებინა. სასწრაფოდ გამოიყვანეს ისიც. ბრძოლა მის გადასარჩენად რამდენიმე საათს გაგრძელდა. სულ გათოშილი იყო, ციცქნა თათებს უკვე ვეღარ ამოძრავდებდა. უზელდნენ მუცელს, კიდურებს... რომ არაფერი ეშველა, ბოლოს ჩვენმა ძიძამ ტანზე მიიხუტა პატარა, საკუთარი სხეულის სითბოთი რომ გაეთბო...

პირველი დამქანცველი დღეები და უძილო ღამეები ყველასთვის ძალიან რთული და დაძაბული აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოკვრებს ეჭამათ. ამ დროს თითოეულ გრამს ჰქონდა მნიშვნელობა. პატარები ყველაფერს არ მიირთმევდნენ, ამიტომ სხვადასხვაგვარ, განსხვავებული შემადგენლობის ნარევებს უმზადებდნენ და დიდი წვალებით ასმევდნენ საწოვარათი. დასუსტებულ ბოკვრებში ნელ-ნელა სხვადასხვა დაავადებებმა იჩინეს თავი. დიდი წვალებისა და თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, პირველი კრიტიკული თვის განმავლობაში სამივე ბოკვერი დაიღუპა.

ახლა მხოლოდ შუმბას უყურებდა ყველა იმედის თვალით. დეკემბრის მიწურულს მისი მდგომარეობაც დამძიმდა. ინერტული გახდა, საჭმელს აღარ იღებდა, სულ ეძინა და ბოლოს ფეხზეც ვეღარ დგებოდა. სასიკვდილოდ გადადებული შუმბას ბედი ერთ ღამეში გადაწყდა. იმ ღამეს არავის დაუძინია. გათენებამდე უკეთებდნენ გადასხმებს, ვიტამინებს, წამლებს, რას აღარ, მაგრამ ლომის გადარჩენის იმედი უკვე აღარ იყო. და მერე, უცბად, ფილმებში რომაა ისე, დილა რომ გათენდა, შუმბამ თვალი გაახილა. შემდეგ ცოტ-ცოტა ჭამაც დაიწყო. ჭამა კი დაიწყო, მაგრამ საჭმელს ვერ ითვისებდა, არც კუჭის მოქმედება ჰქონდა. ამას კანის პრობლემებიც დაემატა, შემდეგ მონელების... ისევ გადასხმები, ისევ წამლები, მასაჟები... 3 კვირის თავზე ძლივს გამოიღო შედეგი ამდენმა წვალებამ.

ნეეეელ-ნეეეელა, თანდათანობით ბოკვერი გამოცოცხლდა და მოყოჩაღებულმა მალე თამაშზეც დაიწყო ფიქრი. ღამით რბილი სათამაშოებით გარშემორტყმულს ეძინა, დღისით კი იმავე, პლუშის ამხანაგებთან კოტრიალით ირთობდა თავს, მაგრამ მაინც მარტო იყო... რომ არ მოეწყინა, ძიძამ ციცქნა, შავი მეგობარი, მისივე ასაკის პუდელი კარაკულა მოუყვანა. თავიდან შორიდან, ეჭვის თვალით ათვალიერებდნენ ერთმანეთს, თუმცა მალევე გაბედეს გამომცნაურება და მათი ლეგენდარული მეგობრობაც მაშინ დაიწყო. სულ ერთად იყვნენ, ერთად ჭამდნენ, ერთად ეძინათ, ერთად დარბოდნენ და დიდ, საინტერესო სამყაროსაც ერთად შეიმეცნებდნენ.

იხილეთ გაგრძელება
manana-sh
მარიამ, ჩემო ძვირფასო, ღმერთმა გისმინოს,ნეტავ მართლა ასე იყოს, რაღაც შვება ვიგრძენი...
მარიამი
ვეხუტუნე ქუნქულა საყვარელი პაწაწუნები ახლა სამოთხეში ითამაშებს შუმბა არ იჯავროთ იქ იქნება და იკუნტრუშებს გალიების გარეშე აი ის ცხოველებიც იქვე იქნებიან მასთან ერთად წასულები სივრცე და ბედნიერება ექნებათ იქ ის ექნებათ რაც აქ არ ღირსებიათ და იქნებ ახლა მაინც მივხვდეთ რომ ცხოველების ადგილი გალიაში არ არის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?