13 ივნისის სტიქია - ორი საათი მაშველების მოლოდინში
13 ივნისის სტიქია - ორი საათი მაშველების მოლოდინში
შაბათს, ღამით, თბილისის უწყინარი წვიმა სტიქიად იქცა. მას დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა . ბევრი აზრი გამოითქვა, თუ რამ გამოიწვია დატბორვა და რატომ არ იყო მზად ქალაქის ხელისუფლება მსგავსი შემთხვევისთვის. რატომ ვერ გაითვალისწინეს ნებისმიერი ნიუანსი და რატომ არ იქნა აცილებული მსხვერპლი...

ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ სიტუაცია, თუ რა ხდებოდა სტიქიის ზონაში პირველი 2 საათის განმავლობაში. ეს არის პერიოდი, როდესაც მოსახლეობა, ადგილზე მისული რამოდენიმე მოხალისე, უბრალოდ გამვლელები, ელიზბარაშვილის თავშესაფრის, ზოოპარკისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც სტიქიამ იმ წუთებში გააერთიანა და
ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში სრული მობილიზაციით, სიცოცხლის ფასად ადამიანებისა და ცხოველების გადასარჩენად იბრძოდნენ....

საღამოს, 22:30 საათისთვის
დაწყებული წვიმა, რომელიც თავიდან სრულიად უწყინარი ჩანდა აღარ შეწყდა... შეშფოთების პირველი ნიშნები სოციალურ ქსელში გამოითქვა, რამოდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ ასეთი უწყვეტი წვიმის შედეგად შეიძლება იგივე განმეორებულიყო, რაც რამოდენიმე დღის წინ მოხდა ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე, გივი სვანიძის ქუჩაზე მდებარე „ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში“ , როდესაც ადიდებულმა მდინარე ვერემ უამრავი ძაღლი გაიტაცა.

იქ ამჯერად წინა სტიქიის დროს გადარჩენილი ძაღლები და 10 დათვი იმყოფებოდა. ცხოველთა მოყვარულების ნაწილმა ელიზბარაშვილის თავშესაფარს მიაშურა. ისინი მზად იყვნენ დატბორვის საფრთხის შემთხვევაში დახმარება აღმოეჩინათ ვოლიერში მყოფი ცხოველებისთვის.

იმ ღამით ცხოველთა მოყვარული ნანა ხომასურიძე თავის 14 წლის შვილთან, სალო აფციაურთან და ასევე ცხოველთა მოყვარულ ნანა ხაინდრავასთან ერთად გივი სვანიძის ქუჩაზე თორმეტი საათისთვის მივიდა.

ნანა ხომასურიძე:
- პერიოდულად ვრეკავდი თავშესაფარში და ვკითხულობდი მდგომარეობას, რადგან ძლიერი წვიმა არ წყდებოდა. ბოლოს როდესაც ვიკითხე მდგომარეობა წყალი დიდდებოდა, ძაღლები გადაყავდათ. რამოდენიმე წუთში დამირეკა თავშესაფრის თანამშრომელმა ლელა ფეიქრიშვილმა და მითხრა, რომ თავშესაფარი აღარ არსებობდა. სიტუაცია კი ბევრად უარესი იყო იმასთან შედარებით, რაც წინა წყალდიდობის დროს. რუსთაველიდან 15 წუთში ვიყავით თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე მე, ჩემი შვილი და ნინო ხაინდრავა. თამაზ ელიზბარაშვილის ტერიტორიაზე ამ დროს უკვე იმყოფებოდა მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თემურ ფხალაძე თავის თანამშრომლებთან ერთად, გამოძახება იყო ძაღლების გადასარჩენად, თუმცა, დატბორილი თავშესაფრის გარშემო პერიმეტრზე ცხოველები აღარ ჩანდნენ. წყალი სვანიძის ქუჩაზე თამაზ ელიზბარაშვილის საწყობებამდე ამოვიდა. ქუჩაზე შუქი არ იყო, რის გამოც ძალიან ცუდად ჩანდა რა ხდებოდა.

წყალი ძალიან სწრაფად დიდდებოდა. გამოვიქეცით ვაკის სოსისების მაღაზიამდე, მოსახვევში უფრო დიდი შლამიანი წყალი დაგვხვდა, რადგან იქ ჩაღრმავებული ადგილია. უკუნით სიბნელეში გარეთ არავინ იყო. მოსახლეობას ალბათ ეძინა. ჩვენ დავიწყეთ ყვირილი, რომ ხალხი გამოსულიყო გარეთ. ხალხმა ნელ-ნელა გამოსვლა დაიწყო.

ღვარცოფი მოდიოდა, მოქონდა მიწა, მორები, მანქანები. როგორც შემდგომ გაირკვა, ამდენი მანქანა წყნეთიდან იყო ჩამოტანილი. სწორედ ამ მორებით და მანქანებით დაიგმანა ვაკე-საბურთალოს გზის გვირაბი, წყალი აღარ გაატარა, სვანიძის ქუჩა, სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ერთი საათს განმავლობაში ინტენსიურად იტბორებოდა, მანქანები ტივტივებდნენ სათამაშო ნავებივით, მდინარე ვერეს საშინელი ხმა ისმოდა, იყო პანიკა... ერთი საათის შემდეგ შეკავებულმა წყალმა გაიტანა მილი და დაიწყო ზოოპარკის და მზიურის დატბორვა.

ქუჩაზე ხალხი უკვე წყალში აღმოჩნდა. შლამი იყო საშინელი, რომელიც ითრევდა. ვერ ვმოძრაობდი. იქ ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა სპორტულმა ჯიპმა შეძლო და იმ ჯიპით ხდებოდა ხალხის და მანქანების ზემოთ აყვანა. სვანიძის ქუჩა ნახევარზე მეტად სავსე იყო წყლით.

ამ პერიოდში ადგილზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორნიგის სააგენტოს რეაგირების ჯგუფის უფროსი პაატა კახნიშვილი მოვიდა. მას აცნობეს, რომ თანამშრომლები წყალში იყვნენ და ადამიანებს სამშვიდობოს გამოყვანაში ეხმარებოდნენ. პაატა მათ დასახმარებლად შევიდა წყალში. სიტუაცია უარესდებოდა. ვხედავდით, როგორ გადმოდიოდა წყალი, მორები, შლამი, მანქანები სვანიძის ქუჩის აგურებიანი სახლის სახურავების ზემოდან. ამ არეულობაში პაატა თვალთა არედან დავკარგეთ. ვეძახდით, ვეძებდით, მაგრამ აღარ გამოჩენილა, არც ამოტივტივებულა. 2 საათის განმავლობაში ის არ ჩანდა. 2 საათი მე ვიცოდი, რომ ადამიანი არ იყო.

2 საათში მოვიდა პატრული. მანამდე ხალხი ერთმანეთს ვეხმარებოდით. ასევე ადგილი ჰქონდა პანიკას, რადგან რეალურად სიბნელეში ვერავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა. ქუჩაში იყო წივილ-კივილი, ტირილი, ხალხი ერთმანეთს ეძებდა, ისინი ამოგვყავდა, ვაწყნარებდით როგორც შეგვეძლო, ზოგი ჩარჩენილი იყო სახლში. მე თან უმძიმეს სიტუაციაში აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ჩემი არასრულწლოვანი შვილი შედიოდა ამ ღვარცოფში, ეხმარებოდა ხალხს ამოსვლაში, გადაარჩინა რამოდენიმე ძაღლი, ასევე „ვაკის სოსისების“ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვმა აღმოაჩინა მამაკაცის გვამი შლამში,... იმ არეულობაში სალომეს ვერ ვხედავდი, სულ ვეძებდი და ვეძახდი.

Zooclubმოგვიანებით გაირკვა, რომ მდინარე ვერემ ზოოპარკი წაიღო. ცხოველთა მონიტორინგის ხელმძღვანელობა იქით გაემართა. პატრული ჯერ კიდევ არ იყო მოსული.

ამ დროს ადგილზე მოვიდა ქალაქის მერი დავით ნარმანია. მოვიდა ნარმანია და მერე მოვიდა პატრული, მერე მოვიდა სასწრაფო, სახანძრო და შემდგომ მოვიდა ჯარი. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა მანამ ჯარი გადამზიდი მანქანებით შენიშნული იყო ავლაბრის მეტროსთან. როგორც ჩანს, ჯარი უკვე მობილიზებული ჰყავდათ.


-და რას ელოდებოდნენ?
-რას ელოდებოდნენ არ ვიცი. მაგრამ ნინო ავაზაშვილი მოდიოდა აეროპორტიდან და სწორედ მან ნახა ჯარი. მისი დაბრუნებისთანავე გავიგეთ რაც ხდებოდა სოციალურ ქსელებში. ანანო სეფაშვილი მას ქრონიკულად აწვდიდა ინფორმაციას. ასევე მოგვაწოდა  ინფორმაციას ტელეფონით, რომ ბავშვთა ინფექციურ საავადმოფოში ხილიანზე ისმოდა სროლის ხმა. დილით გამოიტანეს მოკლული მგლები.

-იქ ძაღლები საერთოდ იპოვეთ?
- ვაკე-საბურთალოს მხრიდან თავშესაფრის გადარჩენილი თანამშრომლები და 14 ძაღლი Zooclubმოვიდნენ. ხალხი ყვიროდა „რა დროს ძაღლებიაო“. პრობლემის აცილების მიზნით ძაღლები 112-ის მანქანაში ჩავსვით, რომელიც იდგა ვაკე-საბურთალოს გზაზე. ნაწილი ნინო ხაინდრავას მანქანაში გადავანაწილეთ. ისინი მუნიციპალურ თავშესაფარში წაიყვანეს. შემდგომ ემი კორტავამ იპოვა კიდევ 2 ძაღლი.

როდესაც უკვე სამაშველო მოვიდა, პაატაც გამოჩნდა. მან პატრულს გადარჩენილი ბავშვები მიაწოდა და მოხუცი ქალი გამოიყვანა წყლიდან. მის მოსვლას დიდი ემოციები მოჰყვა იმიტომ, რომ ცოცხალი აღმოჩნდა და გადარჩენილი ბავშვები მოყავდა.

გამოჩენისთანავე პაატა თემურ ფხალაძეს დაუკავშირდა და შლამიანი, სველი, პირსახოცშემოხვეული წავიყვანეთ გმირთა მოედანზე, რადგან ზოოპარკში კატასტროფული მდგომარეობა იყო.

Zooclub
სვანიძის ქუჩაზე დარჩენას აზრი არ ქონდა. მაშველები
უკვე მოვიდნენ. წყალმა წაიღო ყველაფერი. ქუჩაზე არც ერთი ძაღლი არ ჩანდა.

იქიდან ნინო ავაზაშვილის მანქანით წამოვედით ბახტრიონის გავლით ტელევიზიისკენ. იპოდრომზე შეგვხვდნენ ტურები. იქ იდგა პოლიცია. რა მოხდა შემდეგ არ ვიცით, თუმცა სროლის ხმა ისმოდა.

ზოოპარკთან მისულებს ყველაფერი შლამში დაგვხვდა. ქუჩაზე გვირაბი სავსე იყო წყლით. მანქანები ტივტივებდნენ. თერთმეტსართულიანისკენ ნიაღვრის ჩქარი ნაკადი მიედინებოდა და მიქონდა მანქანები და მორები. ყველაფერი სანაპიროზე ჩადიოდა.

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტო
რის მოადგილე, ბატონ ლერი ქვარაიას დათვი და ბეჰემოტი პირადი კონტროლის ქვეშ ჰყავდა აყვანილი, რადგან სპეცნაზის მხრიდან იყო მცდელობა მათი ლიკვიდაციის.

ჩვენი მანქანა ბოლო ძალებით ავიდა ხიდზე, ვაპირებდით ვარაზისხევით გასვლას მელიქიშვილზე, სადაც ლომი შენიშნეს. პაატა კახნიაშვილის (რომელიც ასევე ტრანკვილიზატორების სნაიპერია) მიყვანისთანავე გვთხოვეს ტერიტორიის დატოვება მაღალი საშიშროების გამო, რადგან მხეცები უკვე გარეთ იყვნენ.
სახლში 5 საათისთვის დავბრუნდით.


-ანუ, სვანიძის ქუჩაზე სტიქიის დაწყებიდან 2 საათის განმავლობაში იყვნენ მხოლოდ იქ მცხოვრები ხალხი, ცხოველების გადასარჩენად მისული მოხალისეები და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები. და სად იყო ამ დროს 112-ის სამაშველო, პატრული, ან სასწრაფო?

- ყველა რეკავდა 112-ში. ჩემი იქ მისვლისას, სანამ ტელეფონი გამეთიშებოდა დამიკავშირადა თამუნა ლომიძე. ის მთელი თავისი სამეზობლოთი რეკავდა 112-ში, მაგრამ უშედეგოდ. იქ უბრალოდ ყურმილს არ იღებდნენ. როგორც შემდგომ გავიგე, მათ მხოლოდ 45 წუთის შემდეგ უპასუხეს.

- ხომ არ იცით ძაღლების დაახლოებით რა რაოდენობა გადარჩა?
-ხალხმა ძაღლების ნაწილი სახლში წაიყვანა მანქანით, რა რაოდენობის არ ვიცი, ალბათ უკან დააბრუნებენ. ასევე სასაფლაოზე აღმოჩენილი ძაღლები გადარჩნენ. ბატონ თემურ წიქორიძესთან თავშესაფარში 12 ძაღლი იქნა გადაყვანილი, მუნიციპალიტეტში 14. მეორე დღეს თამაზ ელიზბარაშვილს რომ გამოუყვეს ახალი ადგილი თავშესაფრისთვის იქ დაფიქსირდა 5 ძაღლი. 10 დათვიდან ყველა დაიღუპა. ვოლიერებშივე ჩაიხრჩვნენ.



როგორც ზემოთ ითქვა, სტიქიის დროს გივი სვანიძის ქუჩაზე პირველები მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თემურ ფხალაძე და მისი თანამშრომლები მივიდნენ.

- ზუსტად დრო არ მახსოვს, თორმეტი იყო დაწყებული, როცა თამაზ ელიზბარაშვილმა დამირეკა. წყალი დდიდება და დამეხმარე გამოყვანაში, დათვები რომ არ დამეხოცოსო. უცებ გადავიცვი ტანსაცმელი, მობილურ ჯგუფებს შევატყობინე არსებული ვითარება, ვუთხარი, რომ თან წამოეღოთ აღჭურვილობა და შპრიცსასროლი თოფები, რის დახმარებითაც დათვები უნდა დაგვეძინებინა და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაგვეყვანა. სახლიდან თავშესაფრამდე გადაკეტილი გზების მიუხედავად ადგილზე საკმაოდ სწრაფად, 15-20 წუთში მივედით. ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე უკვე 1-2 მანქანა იყო ჩახერგილი. სვანიძის ქუჩაზე წყალი ჯერ შლაგბაუმამდე არ იყო მისული. თვითონ თავშესაფარი აღარ ჩანდა.

თამაზ ელიზბარაშვილს დავურეკე და ვკითხე, ამ მდგომარეობაში რით დავხმარებოდით, მიპასუხა, რომ სასაფლაოების მხარეს იმყოფებოდა. ჩვენ იქით ვერ გადავდიოდით, ის აქეთ ვერ გადმოდიოდა. ცხოველების შველაზე იქ საუბარი უკვე ზედმეტი იყო, თავშესაფარი არ არსებობდა.

საკმაოდ რთული სიტუაცია დაგვხვდა. წვიმა, ღამე, მაღალი ძაბვის ბოძი წაიქცა, მანქანებს დაეცა შნურები, შუქი ჩაქრა. იქ იყვნენ პატარა ბავშვები, ხალხი. წყალი სვანიძის ქუჩაზე სწრაფად ამოდიოდა. მანქანაში ჩავისვით ორი ბავშვი, უკან, საბარგულზე ხალხი, უკანსვლით ძლივს ამოვაღწიეთ. მანქანა ერთ ეზოში გავაჩერე. ხალხს მოვკიდეთ ხელი მე და ჩემმა თანამშრომელმა და გორებით ვაკეში გადავედით.

უკანსვლის დროს ვიცოდით, რომ პაატა კახნიაშვილი ჩვენს უკან მოდიოდა. როდესაც დაკავშირება ვცადე ტელეფონი უცხო ადამიანმა აიღო და გვითხრა - პაატა წყალში გადახტა ხალხის საშველადო.

კლდეზე რომ ამოვედით, მაშინ შემატყობინეს ზოოპარკში შექმნილი რთული სიტუაცია. ჩვენ ჯერ თანამშრომლებთან დავბრუნდით, რომ გაგვეგო რა ხდებოდა იქ. ფიზიკურად წყალში არ შევსულვართ. წარმოდგენა არ გვქონდა პაატა სად იყო. იქ უცებ მოსახლეობა დაგვესია და ჩხუბი დაგვიწყო
Zooclub-ამდენ ხანს სად ხართო. ჟურნალისტებიც იყვნენ. როგორც ჩანს, სამაშველო ვეგონეთ, რადგან სამაშველოს ქურთუკები გვეცვა. სვანიძის ქუჩაზე პატრული და სამაშველო ჩვენი იქ ყოფნის დროს არ მოსულა, ამიტომ ავერიეთ ხალხს. ჩვენ ავუხსენით, რაშიც იყო საქმე. ამ დროს ზოოპარკიდან ცალკე რეკავდნენ, ცალკე ხელმძღვანელობა, ცალკე ხალხი, პაატა წყალში იყო, მისი მანქანა, სადაც დასაძინებელი თოფი იდო კი დაკეტილი. ბოლოს სამსახურებრივი მანქანის სარკმელი ჩაქუჩით ჩავამტვრიე, თოფი ავიღეთ და ზოოპარკისკენ წავედით.

ზოოპარკთან დაგვხვდნენ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები და მოადგილეები საჭირო აღჭურვილობით, პაატას შპრიცსასროლი თოფი ჩვენ მივიტანეთ. ასევე იქ უკვე მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები და მერიის ხელმძღვანელობა. მოვითათბირეთ, როგორ უნდა გვემოქმედა და გავნაწილდით. ყველანაირად ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი ცხოველი დაგვეძინებინა.

გარემო წყლით იყო დაფარული, თუმცა, ზოოპარკის ტერიტორიაზე დარჩენილ სულ პატარა მშრალ ადგილას შევამჩნიეთ დიდი დათვი, რომელმაც არ იცოდა სად წასულიყო. სანამ ის ადგილი დაიტბორებოდა გადავწყვიტეთ პირველ რიგში ეგ დაგვეძინებინა. მალე რომ დაეძინა რამოდენიმეჯერ ვესროლეთ და მძინარე დათვი ძლივს ამოვიყვანეთ თოკებით.

Zooclubმეორე დღეს პერიმეტრის დათვალისერებისას შევნიშნეთ შენობის კონდიციონერს შემოხვეული დათვი. იქვე შსს თანამშრომლები წყალში ნავთ დაცურავდნენ. ჩემს მაშველებს ვუთხარი, რომ სასწრაფოდ ჩამჯდარიყვნენ ნავში და დროზე დაეძინებინათ. იყო რისკი, რომ დათვი ჩამოვარდებოდა და დაიხრჩობოდა, მაგრამ მაინც უნდა გვეცადა. დათვს რომ დაეძინა ნავიდან გადმოვიდა ყველა და მძინარე დათვი ასე გამოიყვანეს. ორივე დათვი ამჟამად მუნიციპალურშია და ძალიან კარგად გრძნობენ თავს. იმ ღამეს დააძინეს და გადაარჩინეს ასევე ორი მგელი. მეორე დღეს ვიპოვეთ ბელები.

გამთენიისას, როდესაც იმ ადგილას მივედით, სადაც ვეფხვები და ლომები იყვნენ დახოცილები, მათგან რამოდენიმეს შპრიცი უკვე ნასროლი ჰქონდა. შესაძლოა სპეცდანიშნულების თანამშრომლებთან შეხვედრისას ინექცია ჯერ კიდევ არ იყო ნამოქმედარი, რამაც გამოიწვია მათი დახოცვა, ამიტომ ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან იქ არ ვიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ შპრიცსასროლი თოფი უკვე გამოყენებული იყო.

იმ ღამეს ჩვენმა სამსახურმა ზოოპარკში გადაარჩინა ორი დათვი, ორი მგელი, ასევე მეორე დღეს იპოვეს 3 ბელი, დაიჭირეს ერთი პინგვინი და ერთი ნიანგი. აღმოაჩინეს, მაგრამ ვერ შეძლეს სირაქლემის გადარჩენა. ამ წუთისთვის მტაცებლებიდან დაკარგულია მხოლოდ ვეფხვი.

მას მერე, რაც ეს საშინელი ღამე და მომდევნო დღეები გადავიტანეთ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა ბიჭებმა მაშინ იქ მართლა თავი გადადეს და ყველაფერი გააკეთეს, რაც ევალებოდათ და რაც არ ევალებოდათ ისიც გააკეთეს ხალხის და ცხოველების გადასარჩენად. ერთი წამით უკან არ დაგვიხევია, ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი ცხოველი დაგვეძინებინა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემს არც ერთ თანამშრომელს არ გამოუყენებია ცეცხლსასროლი იარაღი.

შემდეგ დღეებში მტაცებლების შესახებ შესულ ინფორმაციებს პირადად მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი, თემურ ფხალაძე ამოწმებდა. იგი 24 საათს განმავლობაში შპრიცსასროლი იარაღით აღჭურვილ თანამშრომლებთან ერთად თავად დადიოდა გამოძახებებზე. სათითაოდ მოწმდებოდა შენობები, სარდაფები.
აღსანიშნავია ასევე, რომ ასეთი უბედურების და სიკვდილიანობის ფონზე ზოგი მოქალაქის არასეიროზული დამოკიდებულებიდან გამომდინარე მტაცებელი ცხოველების შემჩნევის მიზეზეით ბევრი ცრუ გამოძახება დაფიქსირდა, რითაც ბუნებრივია მოხდა სააგენტოს როგორც ცოცხალი, ისე ტექნიკური რესურსის ამაო ხარჯვა.

სტიქიის ღამეს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორნიგის სააგენტოს რეაგირების ჯგუფის უფროსი პაატა კახნიშვილი საჩქაროდ გამოიძახეს მოვლენების ეპიცენტრში. პირველი დაბრკოლება ახალ გზაზე გავლისას შეხვდა. როგორც ჩანს, იგრძნო საფრთხე, სამაშველო მანქანა გააჩერა და სთხოვა იქ აღარავინ გაეტარებინა. სვანიძის ქუჩაზე მოსულს მაშინვე ნიაღვარმა შემოუტია, წყალი ძალიან სწრაფად მატულობდა.

- მანქანა მარცხენა მხარეს, ერთ-ერთ ეზოში გავაჩერე. ქუჩის მეორე მხარეს ხალხის ყვირილი ისმოდა. ერთი ქალი Zooclubყვიროდა გვიშველეთ, ბავშვი მყავსო. იძულებული გავხდი გავიხადე ტანსაცმელი და ტელეფონი ერთ-ერთი ოჯახის პატრონს დავუტოვე და გავცურე მეორე მხარეს. მართალი გითხრათ, ცოტა გამიჭირდა. დინებას ნაგავი და შლამი მოქონდა, სადაც ცურვა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა.

მეორე მხარეს რომ მივცურდი წყლის დონე უკვე სახლის სახურავის გასწვრივ იყო. სასწრაფოდ ავაძრე სახურავს თუნუქი და იქიდან ქალი და ორი ბავშვი ამოვიყვანე. გარშემო ყვიროდნენ, ზოგი ხეს ებღაუჭებოდა, ზოგი სახლის სახურავზე ჯდა. მანქანები დაცურავდნენ... საშინელება ხდებოდა. ამასობაში კიდევ ერთი ქალი და ბავშვი ავიყვანეთ. წყალმა რომ იმატა გვერდით მდგომი სახლის ფანჯარა გავტეხეთ, სახურავზე გადავედით და იქ ვიყავით თითქმის საათი მაშველების მოსვლამდე. პირველ რიგში, ბავშვები და ქალები ჩავსვით ნავში, მეორე ჯერზე დანარჩენები გავიყვანეთ.


გადარჩენილი ასაკოვანი ქალისა და ორი ბავშვის ვინაობა პაატამ არ იცის, ხოლო ახალგაზრდა ქალი და ბავშვი 112-ის თანამშრომლის, კუს ტბის მაშველი ზურა მუშკუდიანის ოჯახი აღმოჩნდა.


ჩვენ ამჯერად არ ჩავეძიებით რიგ საკითხებს, როგორებიცაა მაგალითად ის, თუ სად იყო სტიქიის პირველი ორი საათის განმავლობაში სამაშველო, პატრული, ან სასწრაფო. არც იმას, თუ რატომ იქნა დახოცილი ცხოველები, რომელთაც შპრიცსასროლი თოფი უკვე ჰქონდათ ნასროლი, ან რატომ იდგა უმოქოედოდ ჯარი ავლაბარში, როდესაც ღვარცოფს სახლები, ხალხი და ცხოველები მიჰქონდა. ჩვენ მხოლოდ შეძლებისდაგვარად ზუსტად ვეცადეთ გადმოგვეცა მდგომარეობა, რაც იყო 13 ივნისის ღამით სტიქიის ეპიცენტრში გივი სვანიძის ქუჩაზე. თუ როგორ ერთად ეჭიდებოდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს მოულოდნელი საშინელებადამტყდარი ადამიანები - იქ, სადაც ნიაღვარმა მიწასთან გაასწორა საცხოვრებელი სახლები, ასევე თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი და წაიღო ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე.
უბრალო ადამიანები, რომლებსაც მოულოდნელად ცხოვრება უმძიმეს გამოცდად ხვდებათ, გმირები ხდებიან ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან ამას. იმ ღამით სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ხალხი (იყვნენ ეს მოსახლეობა, ცხოველთა მოყვარულები, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, მერი და მისი თანმხლები პირები, მაშველები თუ სხვანი) ერთმანეთს ეხმარებოდა, გარშემო აღარაფერი არსებობდა ერთმანეთის გარდა, ისინი გააზრებულად თუ გაუაზრებლად ერთმანეთის გადასარჩენად იბრძოდნენ, იქ ჩახედეს თვალებში სიკვდილს და მეტად შეიყვარეს სიცოცხლე.
არაფერი ფასობს ისე, როგორც ის ერთი დღე, რომლის მანძილზეც არ იცი, რომ გაიღვიძებ და გახვალ სახლიდან რას გააკეთებ შენი სიცოცხლის რისკის ფასად სხვისი, სრულიად უცნობი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. სწორედ ასეთ ადამიანებს ჰქვიათ გმირები!


მოამზადა ანი ქარჩავამ სპეციალურად ZooClub-ისთვის.


Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?