თავშესაფარი ღია ცის ქვეშ - გორის მიუსაფარი ძაღლების გაუსაძლისი ყოფა და მათთვის გაწეული სიკეთე
თავშესაფარი ღია ცის ქვეშ - გორის მიუსაფარი ძაღლების გაუსაძლისი ყოფა და მათთვის გაწეული სიკეთე
მოსკოვის ქუჩა, #1 - ამ მისამართს თუ ესტუმრებით, ქალაქ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარს აღმოაჩენთ, სადაც წარმოუდგენლად მძიმე პირობებში, ამჟამად 100-ზე მეტ ძაღლსა და 20-მდე ლეკვს პატრონობენ. თავშესაფარს არ გააჩნია ადმინისტრაციის შენობა, ცხოველებისთვის განკუთვნილ ფართსა და ვოლიერებში წვიმა ჩადის. მხოლოდ შენობის კუთხეებია მშრალი, სადაც თივა ყრია.


2016 წლის 14 იანვარს თავშესაფარს Zooclub.ge-ის ჟურნალისტი ესტუმრა და მის დამფუძნებელს, თამარ აფციაურს გაესაუბრა.

დირექტორის, თამარ აფციაურის, თქმით, თავშესაფარი 2013 წლის აპრილში დაარსდა.

,,მქონდა ინფორმაცია, რომ ბიუჯეტში გამოყოფილი იყო თანხა მხოლოდ ძაღლების
დაჭერისთვის და არა მათი მოვლა-პატრონობისთვის. კონსულტაციები თბილისის მუნიციპალურ თავშესაფართან და ცხოველთა დამცველებთან გავიარე. მაშინ გორის
საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით რაზმაძე გახლდათ. მივედი ბატონ დავითთან და შევთავაზე, რომ შექმნილიყო ა.ი.პ. (არასამეწარმეო იურიდიული პირი). იდეა მომიწონეს, ვილაპარაკეთ, კომისიის სხდომაზე გავედით და შევთავაზეთ, რომ გორშიც განხორციელებულიყო ძაღლების პოპულაციის მართვა, ისევე, როგორც თბილისსა და ბათუმში ხდება.

Zooclub

პირველად ბიუჯეტი 74 000 ლარი იყო. ყოფილი ბამბის კომბინატის ქარხნის შენობაში ვოლიერები გავაკეთეთ, საოპერაციოები მოვაწყვეთ და უკვე მომსახურე პერსონალიც დამჭირდა. გვყავს მძღოლი, ორი დამჭერი, სამი მორიგე მომვლელი, რომლებიც ღამითაც რჩებიან, ორი ვეტექიმი და ერთი დამხმარე - ფერშალი.

Zooclub

თანხები ძალიან მიზერულია, იმიტომ, რომ ბიუჯეტი ცოტაა და ხელფასებიც შესაბამისად დაბალია. შარშან 100 000 დაგვიმტკიცეს, მაგრამ საკვებზე დაგვაკლდა და შემდეგ საკრებულომ კიდევ 8 000 დაამატა. წელს 300 000 მოვითხოვეთ, მინდოდა, ბრიგადა დამემატებინა, ადმინისტრაციის შენობა გასარემონტებელია და ერთი ოთახი მაინც გაგვეკეთებინა, რადგან სადაც ახლა ვზივართ, ეს დარაჯის შენობაა. შარშან ჩამოსული იყო ინგლისელი ცხოველთა დამცველი, ურსულა ურჩი, რომელმაც ძაღლებს სტერილიზაცია გაუკეთა და გამოსაცვლელი ოთახიც კი ვერ დავახვედრეთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შენობა, სადაც ძაღლები ცხოვრობენ გადასახურია და მოსაწყობი," - ამბობს ქალბატონი თამარი.

Zooclub

თამარ აფციაურის განმარტებით, თავშესაფრის პროგრამა შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს: ძაღლის თავშესაფარში მიყვანა, მისი კასტრაცია/სტერილიზაცია და თავდაპირველ ადგილზე დაბრუნება, რადგან ძაღლების წლობით შენახვის სახსრები თავშესაფარს არ გააჩნია.

"ჯერ დაკვირვებას ვაწარმოებთ ახალმოყვანილ ძაღლებზე, ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრა უტარდებათ და შემდეგ კეთდება კასტრაცია. ახლა აქ უმრავლესობა ძუა, რადგან პირობების არქონის გამო, სტერილიზაციას ვერ ვაკეთებთ და იძულებული ვართ, თბილისიდან მოვიწვიოთ სპეციალისტები. გვერდში გვიდგანან სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახო მამალაძე და მარინა დალავერი, რომლებიც ხშირად გვეხმარებიან გადასასხმელი სისტემებით, წამლებით... რადგან არ არის სახსრები, რომ აქ ლაბორატორია გვქონდეს და საჭირო გამოკვლევები გავაკეთოთ," - აცხადებს თამარ აფციაური.

თავშესაფარში გაჩუქების აქციებიც ეწყობა. მსურველები მიდიან და პირდაპირ თავშესაფრიდან მიჰყავთ ძაღლები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დიდი ძაღლებიც წაუყვანიათ. გაჩუქებულ ცხოველებს ცალკე ჟურნალში აღრიცხავენ და ახალ პატრონებს აფრთხილებენ, რომ თუ ძაღლმა მოიწყინა, ისევ თავშესაფარში დააბრუნონ".

Zooclub

თავშესაფრის დირექტორი ხაზს უსვამს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რომელმაც, მისი თქმით, ძაღლების მიგრაციას შეუწყო ხელი, რადგან სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაცლილი სოფლებიდან ძაღლები გორში ჩავიდნენ და პოპულაციამ შესამჩნევად მოიმატა. თამარ აფციაურის თქმით, ძაღლების ოჯახებიდან გაშვების შემთხვევებიც ძალიან ხშირია.

Zooclub

გასაკვირია, მაგრამ ძაღლთა პოპულაციის გაკონტროლების მცდელობის მიუხედავად, მათმა რიცხვმა ქალაქში მაინც მოიმატა, ამის მიზეზად კი თამარ აფციაური მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის არსებობის ბოროტად გამოყენებას ასახელებს:

"მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გორში ძაღლების თავშესაფარია, მატარებლებიდან, მანქანებიდან პირდაპირ ყრიან ძაღლებს (თავშესაფართან რკინიგზა ახლოს გადის). ვერ ავუდივარ ამას. ამდენი ძაღლი არ შეიძლება მყავდეს", - აცხადებს თამარ აფციაური.

ქალბატონი თამარის განცხადებით, თავშესაფრის ძირითადი პრობლემები ასე გამოიყურება: პირველ რიგში შენობის რეაბილიტაცია და ბრიგადის დამატებაა საჭირო, რადგან მოსახლეობის მიერ გამოძახების შემთხვევები ღამით უფრო ხშირია, იმიტომ რომ ძაღლები, ძირითადად, ღამით გამოდიან გარეთ. სანარკოზე ოთახი, რაც ძირითად შეფერხებას წარმოადგენდა და რის გამოც ძუების სტერილიზაცია ვერ ხერხდება, უკვე გაკეთებულია და ხელშეკრულების დადებაა საჭირო შესაბამის დაწესებულებასთან თბილისში.

Zooclub

,,ზოგადად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ვიცი, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება იმაზე მეტად დაგვეხმაროს, ვიდრე გვეხმარება, ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და თვითონ ხალხია ჯერ მისახედი, მაგრამ სახელმწიფომ ცხოველებსაც ისევე უნდა მიხედოს, როგორც ხალხს. ჩვენი მდგომარეობა გასაუმჯობესებელია, შენობა უნდა გადაიხუროს, რომ წყალი აღარ ჩამოდიოდეს. ადმინისტრაციის შენობა გვჭირდება, თუნდაც ერთი ოთახი რომ იყოს. აქ ვერც ბუღალტერი მოდის, ვერც საქმის მწარმოებელი და იურისტი, რადგან შენობა არ გვაქვს. ყველა დისტანციურად, სახლიდან მუშაობს. ლეკვებისთვის პატარა შენობის გაკეთებაც მინდოდა ცალკე. მადლობა, რომ რაღაც თანხა მაინც გამოყვეს და ძაღლებს არ მახოცინებენ, "" - აცხადებს თამარ აფციაური.

Zooclub

მისი თქმით, დამჭერები ძირითადად, გამოძახების დროს გადიან და დროგამოშვებით ე.წ. რეიდებს, ანუ ქალაქის უბნების შემოვლას ახორციელებენ.

ცხოველთა პოპულაციის მართვა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით საქართველოს სხვდასხვა რეგიონში. გორის ცხოველთა თავშესაფარი მწირი თანხებით ამ საკითხის მოგვარებას ცდილობს. რაშიც, იმედს ვიტოვებთ სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება.

Zooclub

თავშესაფრის დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რამდენიმე დღის წინ, თამაზ ელიზბარაშვილმა, თავშესაფარს 100 ტომარა ძაღლის საკვები სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. ფუნქციონირებს მათი საბანკო ანგარიშის ნომერიც. ასევე თავშესაფარი ვეტერინარების თანადგომას საჭიროებს, რაც სტერილიზაციებში დახმარებას გულისხმობს.

გორის თავშესაფრის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალბატონ თამარ აფციაურს.

თეო ბითაძე სპეციალურად Zooclub.ge-სთვის.


53
გორში რამდენი რესტორნებია, არ შეიძლება საჭმლის მონარჩენები ამ საცოდავ ცხოველებს მიუტანონ?
Admin
მოსკოვის ქ 1 - ამ მისამართზე 3 შენობაა. მათგან 2 შენობა მერიამ უსასყიდლო სარგებლობისთვის გადასცა თავშესაფარს. ამიტომ თავშესაფრის მისამართი რაც წერია ზუსტია.
patrioti
ეგ ადგილი მოსკოვის ქ 1 გაყიდულია და რაღაცეებს ნუ წერთ. პატრონს დაუკავშირდითთთთ შპს-მ მიყიდა კერძო პირს, გადაამოწმეთ
Admin
გმადლობ გამოხმაურებისთვის. აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას ქუთაისის თავშესაფრის შესახებ.
lali
იქნებ ვინმე ქუთაისის თავშესაფრითაც დაინტერესდეს. ძაღლები მიყავთ და მათი ბედი გაურკვეველია. არასოდეს დაუბრუნებიათ უკან კარგი და მოვლილი ძაღლები, რომლებსაც აქ ვპატრონობთ ჩვენი ძალებით. ამ თავშესაფარზე ძალიან ცუდ რამეებს ყვებიან. ინტერნეტშიც იდო ფოტო, გაძვალტყავებული მშიერი ძაღლების და ლეკვების. რა მოხდა მის შემდეგ უცნობია.გთხოვთ დაინტერესდით და გვაცნობოთ საზოგადოებას, რა ხდება ქუთაისის თავშესაფარში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?