ცხოველების ტილები და თმისმჭამელები - პრობლემის შესახებ საუბრობს ვეტერინარი აკაკი რუაძე
ცხოველების ტილები და თმისმჭამელები - პრობლემის შესახებ საუბრობს ვეტერინარი აკაკი რუაძე
უდავოდ, შინაური ცხოველის ყველა პატრონმა იცის რწყილების შესახებ, მაგრამ ბევრს არაფერი სმენია ცხოველის ტილებისა და თმისმჭამელებზე.

ამ პრობლემის შესახებ ZooClub.ge-ს ჟურნალისტი ვეტერინარს, ბატონ აკაკი რუაძეს ესაუბრა.


თმისმჭამელები (ბუმბულისმჭამელები) პატარა ზომის მწერებია, რომლებიც იკვებებიან ქერცლით, ღინღლითა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტით; ტილები კი სისხლით საზრდოობენ.

ტილისა და თმისმჭამელის ერთმანეთისგან გარჩევა რთული არაა: თმისმჭამელს მსხვილი კვადრატული თავი აქვს, ხოლო ტილ
ის თავი სხეულზე 3-ჯერ ვიწროა. გარდა ამისა, თმისმჭამელით დაავადებული ცხოველის თმა გარკვეულ სიმაღლეზე გაკრეჭილს ჰგავს, თითქოს საპარსმა გადაუარა, ძირები კი ხელუხლებელია; რაც შეეხება ტილს, ის სისხლისმწოველია, აღიზიანებს კანს, თმის ძირებს და, შედეგად, ვითარდება ბეწვის ცვენა. კანის გაღიზიანებას თან ახლავს
ფუფხებისა და მუწუკების წარმოქმნა.
სიმპტომები შემდეგია: ცხოველი იქექება, მოუსვენარია, ბეწვი ბზინვარებას კარგავს, აღინიშნება შეთხელებული უბნები, დაკბენილი კანი ღიზიანდება, ფხანისას შეიძლება დაინფიცირდეს და განვითარდეს ჩირქოვანი დერმატიტი.

გადადება ხდება ცხოველთან მჭიდრო კონტაქტისას და საერთო სარგებლობის ნივთებით. ტილები და თმისმჭამელები სახეობის მიმართ სპეციფიკურია. მაგალითად, ძაღლის ტილი იშვიათად გადადის კატაზე და არასდროს - ადამიანზე.

უნდა აღინიშნოს, რომ რწყილებისგან განსხვავებით, ტილებსა და თმისმჭამელებს სეზონურობა არ ახასიათებთ, ტილები წელიწადის ცივ პერიოდში უფრო აქტიურადაც გვხვდება. რწყილი ცხოველზე ცოცხლობს 10 დღე, მოსწოვს სისხლს, მერე გადახტება, შედის ნაპრალებში, დადებს კვერცხებს და იქიდან მთელი ბატალიონი გადმოდის. ტილი და თმისმჭამელი კი ცხოველზევე მრავლდება.

დიფერენციალურ დიაგნოზს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მკურნალობა ტილისა და თმისმჭამელის შემთხვევაში ერთნაირია და ტარდება ინსექტიციდებით ისევე, როგორც რწყილების დროს.

ზოგადად, ეგზოპარაზიტებს საშიში ინფექციური და ინვაზიური დაავადებები გადააქვთ. მაგალითად, რწყილებს შავი ჭირი გადააქვთ, ხოლო ტკიპებს - ვირუსული ენცეფალიტი, თუმცა, ჩვენთან ეს უკანასკნელი არ გვხვდება.

ასევე, რწყილებსა და თმისმჭამელებს გადააქვთ აღლის სოლიტერი, (კიტრის სოლიტერი, Dipylidium canium), რომელიც შინაური ცხოველების ჰელმინთებს შორის ყველაზე ხშირია. ამიტომ დეჰელმინთიზაციამდე 10-14 დღით ადრე სასურველია ცხოველის ეგზოპარაზიტებზე დამუშავება.

დეჰელმინთიზაციისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პრეპარატი უნდა მივცეთ ორ ეტაპად და ამ ეტაპებს შორის ინტერვალი 2-3 კვირას უნდა შეადგენდეს, რადგან პრეპარატების უმრავლესობა არ კლავს ჰელმინთების კვერცხებს, რომლებისგანაც 10-12 დღეში ახალი ჭიები ჩნდებიან. თუმცა, ზოგი პრეპარატი კვერცხებსაც სპობს, მათ გამეორება არ სჭირდება. ეს კონკრეტული პრეპარატის ინსტრუქციაში უნდა იხილოთ.

პარაზიტებით დასნებოვნება ასუსტებს ორგანიზმს და იმუნური სისტემა ქვეითდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციისას ცხოველი არ იყოს ინვაზირებული. ვაქცინაციისას ორგანიზმს ვაწვდით დაავადების მკვდარ ან დასუსტებულ გამომწვევს, რაც დაავადებას არ იწვევს, მაგრამ მის მიმართ გამომუშავდება იმუნური პასუხი. თუ ორგანიზმი დასუსტებულია, სათანადო შედეგი ვერ მიიღწევა. ამიტომ აცრამდე აუცილებელია დეჰელმინთიზაცია, თუ ბოლო პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია ჩატარდა 4 თვეზე მეტი ხნის წინ. დეჰელმინთიზაციიდან მინიმუმ 5-10 დღის შემდეგ კეთდება ვაქცინაცია.
ასევე, მნიშვნელობა აქვს, რამდენი ჭია დაყარა. მძიმე ინვაზიის პირობებში, ცხოველს უზიანდება კუჭ-ნაწლავის სიტემა და უვითარდება დისბაქტერიოზი. დაზიანებული ნაწლავის აღდგენამდე აცრის გაკეთება არ შეიძლება.

პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როცა წამლის მიცემის მიუხედავად ცხოველმა ბევრი ცოცხალი ჭია დაყარა. ეს შეიძლება, წამლის არასათანადო დოზით იყოს გამოწვეული.
გავრცელებულია მითი, რომ რძე ძაღლებს ჭიებს უჩენსო. ჭიებს კი არ უჩენს - აჩენს, მათი არსებობის შემთხვევაში. რძის შემადედებელი ფერმენტი რენინი (ქიმოზინი) მხოლოდ პატარებს გამოეყოფათ, სანამ ძუძუს წოვენ. ზრდასრულებში ეს ფერმენტი აღარ არის, მაგრამ რძე დედდება НСl და პეპსინის გავლენით. შესაბამისად, თუ პეპსინმა თავის თავზე არ აიღო რენინის ფუნქცია, რძე კუჭში არ დედდება და პირდაპირ ტრანზიტულად გადის ნაწლავებში და კუჭის აშლას იწვევს. ამას შეიძლება ჭიების გარეთ გამოდევნა მოჰყვეს. თუ ცხოველი რძეს სვამს და კუჭს არ უშლის, რამდენიც გინდა მიეცით, არც ჭიებს გაუჩენს და არც არაფერს დაუშავებს.

ცხოველის დაბანა სასურველია მაქსიმუმ თვეში ერთხელ. თუ ძალიან ამოიგანგლა, მარტო წყლით ჩამობანეთ. დაბანა სასურველია სპეციალური შამპუნით. საპნებიდან შეიძლება სარეცხის, კუპრის საპნების გამოყენება, თუმცა, ყველაზე კარგია საბავშვო საპონი. ბანაობის შემდეგ კარგია ძმრიანი წყლის (1:5) გადავლება, რომლის შემდეგ ჩამობანა საჭირო არ არის. ასე, ბეწვიც რბილი იქნება და კანიც არ დაზიანდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს არ აქვთ საოფლე ჯირკვლები, ხოლო ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი მჟავე რეაქციისა. ყველა დასაბან საშუალებას ტუტე რეაქცია აქვს. ცხიმოვანი საფარველის მოცილებისას კანი დაუცველია, ხოლო ძმარი მას მჟავე რეაქციას უბრუნებს.


ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?