როგორ ვასწავლოთ კნუტის მოვლა ბავშვს
როგორ ვასწავლოთ კნუტის მოვლა ბავშვს

ხშირ შემთხვევაში მშობლებს ოჯახში მოჰყავთ კნუტი, იმისათვის, რომ ბავშვმა მისი სახით ოთხფეხა მეგობარი შეიძინოს.


მიზანი, რა თქმა უნდა კარგია და გამართლებული, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი ოჯახში ახალი ბინადრის მოყვანისა. ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ სახლში იყოლიოთ ცხოველი და სათითაოდ ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ახალი ბინადრის მოვლაზე.

მაგალითად: თქვენი შვილი დიდი ხანია, გთხოვთ აჩუქოთ მას კნუტი, თქვენ კი თანხმდებით მას მხოლოდ იმ პირობით, თუ ის ყოველდღიურად აჭმევს, წყალს გამოუცვლის, დავარცხნის, ითამაშებს მასთან ერთად და რაც მთავარია,
იზრუნებს მისი ქვიშის (ტუალეტის) გამოცვლაზე. რაც უნდა დიდი იყოს ბავშვის მხრიდან ცხოველის ყოლის სურვილი, ისინი
დროთა განმავლობაში უარს ამბობენ მის მოვლაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პატარა არ იღებს პასუხისმგებლობას ცხოველის პატრონობაზე, თქვენ ორი არჩევანი გაქვთ: ან ცხოველს თავად უვლით, ან ბავშვს ავალდებულებთ მის მოვლას.

ძალიან ცოტა ბავშვი თუ შეძლებს ყოველივე იმის გაკეთებას, რაც ცხოველს ყოველდღიურად სჭირდება და თუ ამ ყველაფერს ბავშვს დააძალებთ, შესაძლოა, ის უარყოფითადაც განეწყოს კნუტის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კატის ფიზიკურად დასჯა, როგორც არ უნდა იქცეოდეს იგი. კატა, რომელსაც ცუდად ექცევიან და ფიზიკურად უსწორებიან, ბოროტდება და აგრესიული ხდება. მისდამი აგრესიული დამოკიდებულება, ცხოველს ხდის ნერვიულს, შედეგად ის ყოველგვარ ხმაურზე უარყოფითად რეაგირებს და მისი კეთილგანწყობის დაბრუნება ძალიან რთული ხდება.

ბავშვისა და ცხოველის ურთიერთდამოკიდებულებაში დიდ როლს ასრულებს მშობელი. თუ გადაწყვეტთ ოჯახში კნუტის მოყვანას, აუცილებლად შეათანხმეთ ეს საკითხი ყველა ოჯახის წევრთან და თავიდანვე გადაინაწილეთ ვალდებულებები.

3 წლიდან უკვე შესაძლებელია ბავშვს დაავალოთ, რომ კნუტს დღეში ორჯერ აჭამოს და გამოუცვალოს დასალევი წყალი, თუმცა, არ დაგავიწყდეთ გააფრთხილოთ, რომ პატარა ბინადრის ზედმეტად გამოკვება არ შეიძლება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა პატარამ მოინდომა კნუტისთვის განკუთვნილი ქვიშა (ტუალეტი) გამოცვალოს, აუხსენით მას, როგორ უნდა გაასუფთაოს იგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებინოთ ეს იძულებით, არ აგრძნობინოთ, რომ ის ვალდებულია. ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ოჯახური შეთანხმებაა - ვინც პირველი შეამჩნევს ანტისანიტარიას, მან დაალაგოს, ან სულაც, დააწესეთ მორიგეობა. 

არ დაგეზაროთ აუხსნათ ბავშვს, რომ კნუტი არის დაუცველი არსება და რომ მას სითბო, მოფერება და მოვლა სჭირდება.
აჩვენეთ თქვენს შვილს მაგალითი - ითამაშეთ, მოეფერეთ, გამოიჩინეთ ყურადღება კნუტის მიმართ.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?