ჯეკა - ერთი საოცარი ძაღლი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ...
ჯეკა - ერთი საოცარი ძაღლი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ...
დიახ, ისინი საოცრად ერთგულები არიან. ჩემს უბანში წლების წინ ლეკვს მანქანა დაეჯახა. ის მეზობელმა შეიფარა, მოუარა, მოარჩინა და ისე გაუშვა, მაგრამ ეს ძაღლი აღარსად წასულა.

ჯეკა ერქვა, ჩვენს სადარბაზოში დაიწყო ცხოვრება. უსაყვარლესი იყო, ყველა სადარბაზოში მცხოვრები თავისი პატრონი ეგონა, ყველას დაგვყვებოდა ხან მაღაზიაში, ხან სკოლაში, ყველას აცილებდა და ელოდებოდა.

ერთხელ ფეხით სტუმრად წავედი და გამომყვა, 2 საათი სიცივეში იჯდა და მელოდებოდა, რომ გამოვედი გაოცებული დავრჩი, ისევ იქ რომ დამხვდა...

მე ბაღი მაქვს, კორპუსიდან ცოტა მოშორებით და ზაფხულში ყოველდღე ჩავდიოდი ხოლმე
ჩემს ძაღლთან ერთად და ეს ჯეკაც მოგვყვებოდა ხოლმე და იქ თამაშობდნენ ჩემი ცუგა და ჯეკა.
მთელ ზაფხულს იქ ვატარებდით, რამდენიმე წელი რომ გავიდა, ჯეკა დიდი ძაღლი გაიზარდა. რომ შეხედავდი ისეთი თვალები ჰქონდა, გეგონება გისმენს და ფიქრობსო. უფრო ის ქალი უვლიდა და აჭმევდა, ვინც ლეკვობაში გადაარჩინა, მაგრამ ამ ქალმა ბინა გაყიდა და გადავიდა. ეს აშკარად განიცადა ჯეკამ, მაგრამ ვცდილობდი, ჩემგან ეგრძნო ეგ სითბო.

Zooclub

ერთი პერიოდი გვერდით უბანში ვმუშაობდი მაღაზიაში, ღამის თერთმეტ საათზე ვკეტავდი და ჯეკა ზუსტად 11-ზე მაკითხავდა მაღაზიასთან და სახლში მაცილებდა. საოცარი ძაღლი იყო...

ერთი ძუ მოიყვანა სადარბაზოში და ისიც მასთან ცხოვრობდა. აი, სულ ერთად იყვნენ, როგორც ცოლ-ქმარი, ვუყურებდი და ვგიჟდებოდი, დილაობით ერთად თამაშობდნენ ხოლმე. ფანჯრიდან რამდენჯერ დამინახავს, ისე უყვარდათ ერთმანეთი... ეს ჯეკაც დიდი ეჭვიანი ვინმე იყო. არავის უშვებდა თავის ”ცოლთან”, ამ ძუმ ლეკვებიც დაყარა. ერთ-ერთი ზუსტად ჯეკას ორეული გამოვიდა...

პირველად მოუარეს მეზობლებმა ამ ლეკვებს, მაგრამ მეორედ რომ კიდევ დაყარა, მტრები გამოუჩნდა და 112-ში დარეკეს. მოვიდნენ, წაიყვანეს დედა ძაღლი თავის ლეკვებთან ერთად. აშკარად ჯეკას მოშორებაც უნდოდათ უბნიდან, მაგრამ 112-მა მარტო ძუ წაიყვანა.

ჯეკამ ესეც ძალიან განიცადა. ჯერ ის ქალი გადავიდა, ვინც უვლიდა, მერე ”ცოლი” წაართვეს. ბოლოს ჯეკა ძალიან ცუდად გახდა. შარშან ამ დროს... არ ვიცი მოწამლეს, თუ რა დაემართა, მაგრამ ძვალი და ტყავი გახდა, ძლივსღა დადიოდა. ერთი კეთილი ქალი ცდილობდა დახმარებას, მაგრამ ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან...

ერთხელ ეს ქალი მოვიდა ჩემთან - ჯეკას ვეძებო, არსად ჩანსო. მეც შემეშინდა და ძებნა დავუწყეთ. 112-ში დავრეკეთ, გვითხრეს ჩვენ არ წაგვიყვანიაო. არსად იყო...

2 დღე ვეძებდით და ვიფიქრეთ, რომ წავიდა შორს, რადგან კვდებოდა... 2 დღის მერე გადავწყვიტე, ბაღში ჩავსულიყავი და იცით რა ვნახე? - ჯეკა!

ჯეკა იქ იყო...

იწვა მშვიდად და ეძინა... ეძინა ისე, რომ ვერ ვაღვიძებდი... არ სუნთქავდა, თავისი წითური ბეწვი, თათები, ცხვირი, თვალები, არასდროს დამავიწყდება ის ტკივილი, რაც მაშინ ვიგრძენი გულში.... ეხლაც ცრემლები მომდის ამას რომ გწერთ...

და ეს იყო ის ძაღლი, რომელიც მოკვდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგაც შეძლო ჩვენი გაოცება... ვერ წარმომიდგენია, როგორ მოაფიქრდა, ისე უღონოდ იყო ან გზებზე როგორ გადავიდა... ან ბაღში როგორ შეძლო შეძრომა... ასეთ მდგომარეობაში, როგორ შეეძლო ამდენი ეფიქრა... როგორ დამიმტკიცა თავისი უანგარო სიყვარული... უანგარო იმიტომ, რომ მე არასდროს მიჭმევია, რადგან ჩემს ძაღლს ძლივს ვინახავ. მაგრამ მას მაინც ვუყვარდით და სიკვდილის წინ ჩვენ გავახსენდით და ჩემს ბაღში ჩავიდა...

ეს იყო საოცარი ძაღლი...

მართალია ის, რომ მეტისები ჯიშიანი ძაღლებისგან არ განსხვავდებიან ჭკუით. მათაც შეუძლიათ საოცარი სიყვარულისა და ერთგულების გამოვლენა!

დღეს ჯეკა ჩემს ბაღშია, მე ვთხოვე ჩემებს მოეცათ უფლება იქ დამეტოვებინა, სადაც მან გადაწყვიტა სიკვდილი, ამიტომ ჯეკა ბაღში დავმარხეთ...

და კიდევ - ჩემი ბაღის გვერდით მეზობელს ყავს ის ლეკვი, რომელიც ჯეკას შვილია და როგორც დასაწყისში ვთქვი, ჯეკას ორეულია... ზუსტად მამამისია. ისეთივე ჭკვიანი და თბილი, ისეთივე წითური ბეწვით, უბრალოდ ამას დედისგან გამოყვა და ცოტა ცანცარა და მხიარულია... მაგრამ მაინც მამის ორეულია!

ცხოვრებაში უამრავ ჯიშიან ძაღლთან მქონია ურთიერთობა, ზოგი საშინელი ავი იყო, მაგრამ მაინც შევძელი დამეგობრება. ძალიან ჭკვიანი და ლამაზებიც იყვნენ, მაგრამ ჯეკა სულაც არ იყო ჯიშიანი, ჯეკასნაირ ძაღლს არასდროს შევხვედრილვარ, ის განსაკუთრებული ძაღლი იყო!!!



ავტორი ანა ფოლადაშვილი
სოსო ბერაძე -ს
მართალი ხართ... უმთავრესი ყურადღება აცრებია და კიდევ ის, რომ თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს და როგორც კი ციცქნა პრობლემას შევამჩნევთ, ექიმს მივუყვანოთ და მკურნალობა დავუწყოთ! ისინი ხომ ჩვენი მეგობრები და ოჯჯახის წევრები არიან.
32222
ადამიანებო მეტი სითბო და მეტი ყურადღება პატარა მეგობრებს, ძალიან დამწყდა გული ჯეკაზე
თაკო
რას მატირებთ ამ შუაღამისას :( ჯეკა :*
სოსო ბერაძე
ხშირად ძაღლების უმძიმესი მტერი ენტერიტია. სამ დღეში ძაღლი "დნება". ნუ დაიზარებთ ვაქცინაციას. 8 ლარი ჯდება. პატარა მეგობრის დაკარგვა შეუდარებლად ძვირია. უბედურება იმაშია, რომ როდესაც უკვე გამოაჩნდება შველის ვარიანტი აღარ არსებობს. იმ ლეკვსაც გაუკეთეთ. ნუ დაიზარებთ. მე უცოდინარობის გამო დავკარგე პატარა მეგობარი. ერთი წელი გავიდა. დღემდე ვერ მომინელებია.
nino
ოდნავ მაინც თუ იგრძნო ქუჩაში გაზრდილმა ძაღლმა სითბო ადამიანისგან ის მერე იმის ღმერთი ხდება,არანაკლები ჭკვიანები და თბილები არიან ქუჩის ძაღლები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?