ტაიშას გზა – ანუ რა არის ბედნიერება
ტაიშას გზა – ანუ რა არის ბედნიერება
შემოდგომის გოგო ვარ... ოქროსფერი ოქტომბრის... ახლა ტაიშა მქვია. ადრე, მახსოვს, ბუბუს მეძახდნენ...
დედას გავუჩნდით და გავიფანტეთ... მას შემდეგ იმდენ ჩემნაირს ვპოულობ ქუჩაში, სულ მინდა გამოვეცნაურო, მაგრამ მერიდება...
არადა შეიძლება ჩემი და-ძმაა...
ლეკვმა პირველ რიგში ქუჩები უნდა ისწავლოს და სანაგვეები... ერთ პარკთან მეძინა, ყუთში, სადაც ნაგავს ყრიდნენ... პატარა იყო, ვეტეოდი და თან მოკუნტულს იმდენად არ მციოდა...
სულ დავდიოდი... ქუჩას კანონები აქვს – რომ არ იარო არ შეიძლება... დადიხარ – მაშასადამე, საჭმლის შოვნის შანსი გაქვს...,სიცოცხლის შანსი... კიდევ უნდა გაიცნო ყველა და არ
შეგეშინდეს... მთავარია არაფრის შეგეშნდეს...
ზოგი მაჭმევდა... ზოგს ვიცი, პარკით მოჰქონდა საჭმელი ჩემთვის... მართლა-მართლა – ჩემთვის
ედოთ ის საჭმელი პარკში... – კეთილები...
ერთმა ყუთიც კი დამიდგა, თბილი ნაჭრები ჰქონდა ჩაფენილი, მაგრამ დიდებმა, აი, მაღაზიის ქალებმა გადამიგდეს... ჰო, დავინახე მე როგორ გადამიგდეს... რას უშლიდათ ნეტა... რომ ეთქვათ – დავიცავდი მათაც, ჩავეხუტებოდი, მაგრამ...
მერე...
ოო... მერე მომკიდა ხელი ერთმა გოგომ მამამისთან ერთად და მანქანით წამიყვანა სახლში... იქ ჯერ ეზოში დამაბეს და მერე ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი... დედას არ მოვეწონე დიდად... დაუკითხავად რატომ წამიყვანა საერთოდ ნეტა... უცხო ადგილმა ისე შემაშინა ღამღამობით სულ ვტიროდი...
ერთ დილას სხვადასხვა ქუჩიდან ორი გამოიქცა ჩემკენ – ეს ხომ ბუბუკააო ... ჩამაბეს საყელური და სავარძლიან სახლში წამიყვანეს...
მას მერე სავარძელი მიყვარს... იმ სახლის სითბო აქვს...
მერე ბევრი ვიმოგზაურე... უჰ... ძალიან ბევრი... ასე მგონია მთელი საუკუნე გავიდა... ღრუბლები იცვლებოდა... ადამიანებიც...
რაც მეტად ვიყავი სითბოში, მქონდა საჭმელი და მოფერება – მით მეტად მაშინებდა მომავალი და ქუჩა...
ნუთუ ისევ... – გული მეკუმშებოდა... ბეწვი ყალყზე მიდგებოდა... ეს არის ალბათ სიკვდილის შიში... ან უფრო მეტისაც – სიმარტოვის...
….
ალბათ ბევრი უნდა იარო, რომ ბედნიერებამდე მიხვიდე. და აუცილებლად მიხვალ... მე ხომ მივედი... იცი რა მქვია?...  – ბამბა, ბურთი, ბ-ბ-ბ კი აღარ მქვია – მე ახლა ტაიშა ვარ... მყავს ორი და... აბა რა ვიცი – "მესამე ქალიშვილს" "ჩემს კრასავიცას" მეძახიან და ასე გამოდის და რა მაგარია... უჰ... მე რომ იცოდეთ რას არ ვეძახი... – ძირითადში ვყეფ და დანარჩენს გრძნობენ ყველაფერს... ჰო, სუ მისმენენ და გრძნობენ...
კიდევ იქ ლამაზია... მუსიკაა და ფერები... წიგნებს არ ვხევ... მგონი წიგნებში ბევრი ამბავია დამახსოვრებული... ჩემნაირი გოგოების ამბავიც იქნება ნეტა?... კიდევ სიყვარულის ამბებიც იქნება – აი, ახლა როგორც ვარ... – სიყვარულში :) ... ტაიშას უყვარს თავისი დები და მშობლები... და ბედნიერია!

Zooclub

ეს ფოტო მაშინ გადამიღეს, ეზოში რომ ვიყურებოდი... საღამოობით უფრო სტუმრებს ველოდებით და მერე დავდივართ, დავხტივართ, ვიცინით და ვმღერით... ჩემები მისმენენ... მათ ყოველთვის ესმით ჩემი...
თბილი კუთხე მიყვარს... დავწვები ხოლმე ხან და ვფიქრობ... – ალბათ იმიტომ ვიარე ამდენი... იმიტომ მაფრიალა ქარმა და მატარეს გზებმა, რომ აქ მოვეყვანე... ჩემს უსაზღვრო ბედნიერებაში და სიყვარულში... დიდხანს არ მიწევს ხოლმე ფიქრი, აი, ახლაც მეძახიან... ალბათ წიგნი უნდა წაიკითხონ და მომიკითხეს, უჩემოდ როგორ წაიკითხავენ... – ჩემთან ერთად ხომ ყველაზე მყუდროდ იკითხება...
მე მიყვარს ჩემები და სიცოცხლე – ეს ჩემი ბედნიერებაა… 

ასევე იხილეთ:

ჩემი მოხუცი მეგობარი რუსტერი

კისი და შედოუ – საუკეთესო მეგობრები

მიტოვებული მოხუცი ძაღლი
ldavitidze
ნეტავ ყველა უსახლკარო ცხოველის ისტორია ასე მთავრდებოდეს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?